ბრიტანეთის მთავრობა პოლიტიკაში უცხოური დაფინანსების წინააღმდეგ კანონმდებლობას ამკაცრებს. პოლიტიკური შემოწირულობები უკიდურესად ეზღუდებათ უცხოელ ფიზიკურ პირებსა და კომპანიებს.
ცვლილება მოიცავს კომპანიების მხრიდან შემოწირულობების გაცემის გამკაცრებულ წესებს, ახალ მითითებებს და უფრო მკაცრ მოთხოვნებს არარეგისტრირებული გაერთიანებებისთვის. ახალი რეგულაციების აუცილებლობას ოფიციალური ლონდონი გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების გაუმჯობესების მიზნით ხსნის.
„უცხოელი აქტორები ვეღარ შეძლებენ გამოიყენონ საკუთარი ფინანსები და ჩაერიონ გაერთიანებული სამეფოს არჩევნებში. ეს არის ბოლო პერიოდის ყველაზე მასშტაბური რეფორმა დემოკრატიის გასაძლიერებლად, რომელიც "ხალხის წარმომადგენლობის შესახებ" კანონპროექტის ფარგლებში ხორციელდება", - აღნიშნულია განცხადებაში.
ადგილობრივი თვითმმართველობის საკითხებში დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო მდივანი სტივ რიდი კი აცხადებს, რომ "ბინძური ფულის" გამოყენებას არჩევნების საყიდლად არ დაუშვებენ.
"ცვლილება დაიცავს ჩვენს დემოკრატიას უცხოური ჩარევისგან, ჩვენ არ დავუშვებთ, რომ მტრულად განწყობილმა უცხო სახელმწიფოებმა გამოიყენონ "ბინძური ფული" ჩვენი არჩევნების საყიდლად", - აცხადებს სტივ რიდი.