ევროპაში ევროკავშირის მიერ ჩამოშლილი წესრიგის აღდგენას ვაშინგტონი მკაცრი ნაბიჯებით გეგმავს. ბრიუსელმა გამაფრთხილებელი სიგნალი ამჯერად კაპიტოლიუმის ტრიბუნიდან, რესპუბლიკელი კონგრესმენისგან, რამდენიმე საათის წინ მიიღო. ანა პაულინა ლუნამ ჯერ საგარეო საქმეთა კომიტეტის სხდომაზე, შემდეგ კი სოციალური ქსელით მკაფიოდ თქვა, რომ ეროვნული ინტერესების დამცველი სახელმწიფოების წინააღმდეგ ევროგაერთიანების სადამსჯელო ღონისძიებები შტატებისთვის მიუღებელია. ამერიკაში მმართველი რესპუბლიკური პარტიის წევრები თანხმდებიან, რომ ახლა ევროკავშირთან კავშირის გაწყვეტისა და ცალკეული ერების სუვერენიტეტის აღდგენის დროა.
სახელმწიფო სუვერენიტეტის პატივისცემას საქართველოს ხელისუფლება ბრიუსელისგან უკვე მრავალი წელია ითხოვს. შანტაჟი, ზეწოლა და მუქარები, რაზეც ახლა შეერთებული შტატების პოლიტიკური ელიტა ხმამაღლა საუბრობს, საქართველომ საკუთარ თავზე ბოლო პერიოდში არაერთხელ გამოცადა. ოფიციალურ თბილისში მიაჩნიათ, რომ მსოფლიოში ახალი წესრიგის ჩამოყალიბების პროცესში, როდესაც თამაშის ძირითადი წესები ოვალურ კაბინეტში იწერება, ვაშინგტონის მკვეთრ პოზიციას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.
ოპოზიციაში კი მხოლოდ ევროპელი ბიუროკრატების სიმართლეში არიან დარწმუნებული. იღებენ და ლოგიკურად მიიჩნევენ ყველა კრიტიკულ განცხადებას, თუნდაც ის ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს ეწინააღმდეგებოდეს. მზად არიან იმისთვისაც, რომ ბრიუსელელი პარტნიორების დასაცავად ამერიკელ კონგრესმენს კომპეტენცია და ევროპის ისტორიის ცოდნაც კი დაუწუნონ.
პრობლემების სრულ თანხვედრაზე სახელისუფლებო გუნდის მიერ დასახელებული კონკრეტული ფაქტებიც მოწმობს. უმრავლესობაში ამბობენ, რომ საქართველოს მსგავსად, ეროვნული ინტერესების დაცვისთვის, ბრიუსელის ბიუროკრატებმა უსამართლო დამოკიდებულება სხვადასხვა, მათ შორის, ცენტრალური ევროპის სახელმწიფოების მიმართაც გამოიჩინეს. ამიტომაც არ თვლის თბილისი ვაშინგტონის მკაცრ ტონსა და შეცვლილ პოლიტიკას მოულოდნელად.
ევროკავშირის მიმართ მწვავე კრიტიკა რესპუბლიკელმა კონგრესმენმა კონგრესში გამართული განხილვისას გამოთქვა, სადაც მასობრივ მიგრაციასა და ამერიკა-ევროპის უსაფრთხოების რისკებზე მსჯელობდნენ.