19 ივნისი 2026,   10:04
ვრცლად
სკანდალური ბრალდებები სისტემურ კორუფციასა და ფინანსურ სქემებზე - ჰელსინკის კომისიის ყოფილი მაღალჩინოსანი მოქმედ ხელმძღვანელობას რასობრივ, სექსუალურ, ანტისემიტურ ქმედებებში ადანაშაულებს

ჰელსინკის კომისიის ყოფილი მაღალჩინოსანი მოქმედის წინააღმდეგ - სტივ შრაგე, რომელიც აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობას იკავებდა, ჰელსინკის კომისიის წევრებს და თავმჯდომარეს სისტემურ კორუფციაში, ფინანსურ მაქინაციებსა და რასობრივ, სექსუალურ, ანტისემიტურ ქმედებებში ადანაშაულებს. შრაგე ბრალდებებთან ერთად მამხილებელ მტკიცებულებებს ასაჯაროებს და გამოძიების ჩატარებასაც ითხოვს. სკანდალის ეპიცენტრში ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე როჯერ უოკერია. შრაგე ამტკიცებს, რომ სწორედ ის უშლიდა ხელს აშშ-ის სამშვიდობო პოლიტიკას და უკრაინაში საომარი მოქმედებების დასრულებას. გარდა ამისა, კომისიის სხვა წევრებთან ერთად ჩართული იყო ფინანსურ სქემებში და "ფარა"-ს გვერდის ავლით მოქმედებდა. სტატიაში ნახსენებია ჯო უილსონიც, კონგრესმენი, რომელიც საქართველოს კრიტიკითაა ცნობილი.

ბრალდებების კიდევ ერთი ადრესატი - ფინანსისტი ბილ ბრაუდერია, რომელსაც მჭიდრო კავშირი აქვს ჰელსინკის კომისიასთან. ბრაუდერი პედოფილიისთვის გასამართლებულ ჯეფრი ეფშტეინის ფაილებში ფიგურირებს. მილიონობით დოკუმენტის გამოქვეყნების შემდეგ საჯარო გახდა 15 წლის წინანდელი მიმოწერა, რომლის მიხედვითაც ის ეფშტეინთან კონსპირაციულ შეხვედრას და ვლადიმერ პუტინთან დაკავშირებული ინფორმაციის მიწოდებას დათანხმდა.

მაღალჩინოსნების პოლიტიკურ წარსულს ფარდა სტივ შრაგემ ახადა. მორიგ სკანდალში ჰელსინკის კომისია საქართველოს საკითხის განხილვამდე რამდენიმე საათით ადრე გაეხვა. ამ ფონზე პარლამენტის თავმჯდომარე კომისიის არაობიექტურობაზე საუბრობს. შალვა პაპუაშვილის თქმით, მიუღებელია უსამართლო და უსაფუძვლო კრიტიკა იმ ადამიანების მხრიდან, რომლებიც თავად სისტემურ კორუფციასა და დანაშაულში არიან მხილებული.

ჰელსინკის კომისიის წევრებთან დაკავშირებულ მორიგ პოლიტიკურ სკანდალსა და დანაშაულებზე ოპოზიციის ნაწილს საუბარი არ სურს. ნაწილი კი ამბობს, რომ სამართალდარღვევის შემთხვევაში მაღალჩინოსნებმა პასუხი უნდა აგონ.

ყველა, ვინც საქართველოს უსამართლოდ აკრიტიკებს, საბოლოოდ კრიტიკის ობიექტი თავად ხდება - მმართველ გუნდს ამის არაერთი მაგალითი ახსოვს. "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ აუცილებელია გამოძიების ჩატარება, რათა კონკრეტული მაღალჩინოსნების რეალური პოლიტიკური მიზნები გამოაშკარავდეს.

ჰელსინკის კომისიაში საქართველოსთან დაკავშირებით მოსმენა ჯერ კიდევ 2 კვირის წინ ოფიციალური ინფორმაციით უამინდობის გამო გადაიდო, თუმცა 28 იანვარს ვაშინგტონში მზიანი ამინდი იყო. საბოლოოდ შეკრება დღეს დაანონსდა, მაგრამ რამდენიმე საათით ადრე, ჰელსინკის კომისიის მაღალჩინოსნები მორიგ სკანდალში გაეხვნენ.

ავტორი: ნანა გოგატაძე

დღის ამბები