საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრში ყოველდღიურად ასობით მოქალაქე რეკავს და დახმარებას ითხოვს.
მაშინ, როდესაც წამები გადამწყვეტია და საქმე სიცოცხლის გადარჩენას ეხება, 112-ის ოპერატორებისთვის მთავარი სწრაფი რეაგირებაა.
დღეს 112-ის დღეა. საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრის თანამშრომლებმა პროფესიული დღე აღნიშნეს.
20 წლის ლილიკო წიკლაური, პროფესიით ფსიქოლოგია, სწავლობს და თან ოპერატორად მუშაობს. ჯერ მხოლოდ ერთთვიანი სამსახურებრივი გამოცდილება აქვს, თუმცა ამბობს, რომ არაერთი მოქალაქის დახმარება უკვე შეძლო.
112-ის გუნდს პროფესიული დღე შინაგან საქმეთა მინისტრმა მიულოცა. გეკა გელაძემ თანამშრომლებს მადლობა გადაუხადა და სამსახურებრივი მოვალეობის სანიმუშოდ შესრულებისთვის მადლობის სიგელები გადასცა.
შინაგან საქმეთა მინისტრმა დღეს 112-ის ახალი, თანამედროვე სტანდარტების ადმინისტრაციის შენობაც გახსნა. გეკა გელაძემ იმ გეგმებზე გაამახვილა ყურადღება, რომელიც უწყებას საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრის განვითარებისთვის აქვს.
გასულ წელს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრში 4 მილიონი ზარი შევიდა.
საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრში, 112-ში, უახლოეს პერიოდში ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდება. იგეგმება საკანონმდებლო ინიციატივების მომზადებაც.