წარმოიდგინე კარი, რომელსაც დიდი ასოებით აწერია: „შენთვის აქ შესვლა არ შეიძლება“. ახლა წარმოიდგინე ადამიანი, რომელიც ამ წარწერას კითხულობს და მიუხედავად მკაცრი გაფრთხილებისა, კარს მაინც აღებს. ასე იწყება იმ ადამიანების ისტორიები, რომლებზეც ამ სტატიაში გიყვებით.
ეს არის ამბავი ქსენიაზე, ბარბარეზე, მარიამსა და თინათინზე. ოთხივეს ოთხი რამ აქვს საერთო: ოთხივე ქალია, ოთხივე მეცნიერი, ოთხივე გამბედავი და ოთხივე თავის ეპოქას უსწრებდა წინ…
მარიამ უგრელიძე
პირველი ამბავი არის ქალზე, რომელმაც ასობით ბავშვის სიცოცხლე გადაარჩინა. ეს მარიამ უგრელიძეა - პირველი ქართველი პროფესორი ქალი და ქართული პედიატრიის ერთ-ერთი ფუძემდებელი. იგი 1885 წელს სოფელ დიღომში დაიბადა. ადამიანების დახმარების სურვილი მას ბავშვობიდან ჰქონდა, სამედიცინო სფეროსადმი ინტერესიც ადრეულ ასაკში გაუჩნდა.
მარიამ უგრელიძე (პედიატრი)
მარიამი ძალიან ნიჭიერი და მიზანდასახული იყო. განათლება არაერთ ქვეყანაში მიიღო - საქართველოში, საფრანგეთში და შვეიცარიაში. წარმოუდგენლად შრომისმოყვარე ადამიანი გახლდათ. სწორედ მის სახელს უკავშირდება საქართველოს უნივერსიტეტში პედიატრიის კათედრის დაარსება.
მებრძოლი და უშიშარი ქალი იყო, რასაც მისი ცხოვრების არაერთი ეპიზოდი ადასტურებს. 1905 წლის იანვრის რევოლუციის დროს იგი ქუჩებში დახმარებას უწევდა დაჭრილ მუშებს. ამის გამო 21 წლის მარიამი დააპატიმრეს და ბრალად სამხედრო ნაწილებში რევოლუციური პროკლამაციების გავრცელება დასდეს. ციხეში ორი წელი გაატარა, შემდეგ კი ემიგრაციაში წავიდა განათლების მისაღებად. წლების შემდეგ დაბრუნდა საქართველოში და სამედიცინო სფეროში მრავალი მნიშვნელოვანი საქმე გააკეთა.
მარიამ უგრელიძე კოლეგებთან და პაციენტებთან ერთად
1937 წელს მარიამ უგრელიძის სახლში გაისმა ტელეფონის ზარის ხმა. მიაწოდეს ინფორმაცია, რომ ბავშვებით სავსე ვაგონს რუსეთში უშვებდნენ - ესენი იყვნენ 1936–37 წლებში დახვრეტილი და დაპატიმრებული ადამიანების შვილები. მარიამს ვაგონის დაძვრამდე უნდა აღეწერა ბავშვების ჯანმრთელობის მდგომარეობა. პედიატრმა დოკუმენტში ჩაწერა, რომ ბავშვები დაავადებულები იყვნენ, დაარწმუნა ყველა, რომ ისინი ეპიდემიას გაავრცელებდნენ და არავითარ შემთხვევაში მათი სადმე წაყვანა არ შეიძლებოდა. მისი ამ სიტყვების გამო, ვაგონი ჩახსნეს,ნათესავებს აცნობეს და ბავშვები სახლში დააბრუნეს… ასე გადარჩა ასობით პატარა…
მარიამ უგრელიეს 70-ზე მეტი მეცნიერული ნაშრომი აქვს გამოქვეყნებული, რომელთა უმრავლესობაც თარგმნილია სხვადასხვა ენაზე და დღემდე საერთაშორისო კონსილიუმებსა და კონფერენციებზე გამოიყენება.
ბარბარე ყიფიანი
ბარბარე ყიფიანი (პირველი ქართველი ფსიქო-ფიზიოლოგი)
ეს ბარბარე ყიფიანია. მეცნიერი. მისი სახელი სამეცნიერო სფეროში ძალიან ბევრს ნიშნავს. ბარბარე დიმიტრი ყიფიანის ვაჟის, ნიკოლოზის, ქალიშვილი იყო. იგი ქუთაისში, 1879 წლის 4 თებერვალს დაიბადა. მისი ბავშვობა მძიმე და სევდიანი იყო. პატარა ასაკში დედამ შვილები მიატოვა და რუსეთში წავიდა საცხოვრებლად… მიუხედავად ამისა, მამას შვილებისთვის არაფერი დაუკლია და მათთვის განათლების მიცემაც მუდმივად ცდილობდა… საქართველოში სწავლის დასრულების შემდეგ, ბარბარე ბელგიაში გაემგზავრა, სადაც 1902 წელს ბრიუსელის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტზე ჩაირიცხა. პირველი კურსი წარმატებით დაასრულა, თუმცა ამ შემთხვევაშიც სევდიანად გაგრძელდა მისი ისტორია. მატერიალურად გაუჭირდა, სწავლის გადასახადი ვეღარ გადაიხადა, რის გამოც იგი სასწავლებლიდან გარიცხეს…
მისი ნიჭიერება ყურადღების მიღმა არ დარჩენილა. მოგვიანებით მის ცხოვრებაში გამოჩნდა პოლონელი მეცნიერი ქალი, რომელმაც ბარბარეს შესთავაზა ლაბორატორიაში მუშაობა, რაც შესაძლებლობას მისცემდა თავადვე გადაეხადა სწავლის საფასური. ასეც მოხდა. ბარბარემ საკუთარი შრომით უნივერსიტეტი წარმატებით დაამთავრა და სწორედ აქედან დაიწყო მისი წარმატებული კარიერა…
იგი ლექციებს კითხულობდა როგორც ბრიუსელის, ასევე პარიზისა და ჟენევის უნივერსიტეტებში. მის ნაშრომებზე ევროპული და ქართული გაზეთები ხშირად წერდნენ. ერთ-ერთში ვკითხულობთ:
„როგორც პარიზიდან გვატყობინებენ, ამ დღეებში პარიზის აკადემიამ განიხილა ქალბატონი ბარბარე ყიფიანისა და ლორტეიკოს სამეცნიერო ნაშრომი, რომელიც შეეხება ბრიუსელში მცხოვრები ვეგეტარიანელების ჯანმრთელობას. აკადემიამ მოიწონა სამეცნიერო ნაშრომი და მათ ჯილდოდ დაუნიშნა შრომისთვის“ - წერია იმ დროინდელ გაზეთში.
ბარბარე ყიფიანი საქართველოში, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ლექციების წასაკითხად იყო მოწვეული და გარკვეული პერიოდი აქ ცხოვრობდა. მას არ დავიწყებია, როგორ დაეხმარა პოლონელი ქალი განათლების მიღებაში, ამიტომ ეს სიკეთე სხვა ქართველ ახალგაზრდებს დაუბრუნა - ეხმარებოდა მათ საზღვარგარეთ განათლების მიღებაში. სწორედ, ბარბარე ყიფიანის დამსახურებაა, რომ უამრავმა ახალგაზრდამ განათლება ევროპის უნივერსიტეტებში მიიღო.
1921 წელს, როცა რუსეთმა საქართველოს ოკუპაცია მოახდინა, იგი იძულებული გახდა ბრიუსელში დაბრუნებულიყო. მის ცხოვრებას ნოსტალგია საქართველოს მიმართ სულ თან სდევდა. თავის წერილებში ხშირად წერდა, რომ სამშობლო ენატრებოდა.
ბარბარე ყიფიანი 85 წლის ასაკში, 1965 წელს გარდაიცვალა. იგი ბრიუსელშია დაკრძალული.
ქსენია ბახტაძე
შემდეგი ისტორია არის მეცნიერ ქალზე, რომლის უდიდესი დამსახურებაა, რომ ქართული ჩაი მსოფლიოში ერთ-ერთი უნიკალურია! ქსენია ბახტაძე - მეცნიერი, რომელმაც მთელი თავისი ცხოვრება ჩაის კულტურის შესწავლას დაუთმო. ის ფაქტობრივად პირველი ქალი-სელექციონერია საქართველოში.
კადრი ფილმიდან “ქსენია ბახტაძის ჩაი” (1969)
სანამ ქსენიაზე მოგიყვებით, საინტერესოა ვიცოდეთ, როდის გაჩნდა ჩაი საქართველოში და რა გზა გაიარა ამ კულტურამ. ჩაის გავრცელების ოფიციალურ თარიღად მიიჩნევა მეცხრამეტე საუკუნე, როცა პირველად გურიის სამთავროს უკანასკნელმა მთავარმა, მამია გურიელმა, თავის ბაღში ჩაის ბუჩქები დარგო. დასავლეთ საქართველოს სუბტროპიკულმა კლიმატმა კი მცენარეს ხელი შეუწყო, აყვავებულიყო და ნაყოფიერი გამხდარიყო. ამიტომ გურიის შემდეგ ჩაის ბუჩქები მთელ დასავლეთ საქართველოში გავრცელდა.
თუმცა მეჩაიეობის შემდგომი განვითარებისთვის აუცილებელი იყო მაღალხარისხიანი და უხვმოსავლიანი სელექციური ჯიშების გამოყვანა. სწორედ ეს პრობლემა უნდა მოეგვარებინა ქსენია ბახტაძეს. მან შეისწავლა ჩაის სხვადასხვა პოპულაცია, განსაზღვრა მათი მორფოლოგიური, ფიზიოლოგიური და სამეურნეო ნიშნები.
1943 წელს მისი ხელმძღვანელობით გამოიყვანეს ჩაის პირველი სელექციური ჯიშები. მათ შორის გამორჩეული და განსაკუთრებულია: “ჩაი N1” და “ჩაი N2”, რომლის შექმნისათვის ქსენია ბახტაძეს სახელმწიფო პრემია მიენიჭა. ცნობილია კიდევ ერთი უნიკალური ჯიში - “ჩაი N8 – ზამთრის გმირი”, რომელიც უხვმოსავლიანობითა და გამძლეობით გამოირჩევა.
ქ.ბახტაძის გამოყვანილი ჩაის სელექციური ჯიშები
გარდაცვალებამდე რამდენიმე წლით ადრე გამოიცა მისი სიღრმისეული ნაშრომი - “ჩაის კულტურის ბიოლოგიური საფუძვლები”, რომელშიც შეჯამებულია მეცნიერის 40 წლის სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის შედეგები. ამ ნაშრომს დღემდე იყენებენ მეცნიერები.
ქსენია ბახტაძე გარდაიცვალა 1978 წელს.
თინათინ წერეთელი
კიდევ ერთი ქართველი ქალი მეცნიერის ამბავს მოგიყვებით, რომლის ცხოვრება და საქმიანობა არა მხოლოდ კარიერულ წარმატებებზე, არამედ ნამდვილ გმირობასა და სტერეოტიპების დამსხვრევაზეა. თინათინ წერეთელი - პირველი ქართველი მეცნიერი ქალი, რომელსაც მიენიჭა იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორის და პროფესორის წოდება სისხლის სამართალში.
მისი სამეცნიერო რაშრომები დღემდე გამოიყენება და ახალი თაობის იურისტებისთვის უმნიშნველოვანესი გზამკვლევია.
თინათინ წერეთელი
თუმცა, მანამდე დავბრუნდეთ მეოცე საუკუნის დასაწყისში. 1903 წელს, ვასილ წერეთლის ოჯახში დაიბადა თინათინ წერეთელი. იურიდიული სფეროს მიმართ ბავშვობიდანვე ჰქონდა ინტერესი. წერეთლების ოჯახში ხშირად იყრიდნენ თავს ქართული კულტურის გამოჩენილი მოღვაწეები: აკაკი წერეთელი, ნიკო ნიკოლაძე, დავით კლდიაშვილი, ახალგაზრდა გალაკტიონი…. ასეთ გარემოში გაიზარდა თინათინი, სადაც ნიჭი, კრიტიკული აზროვნება და სამართლიანობის სიყვარული ბუნებრივად ფორმირდა.
თინათინ წერეთელმა საფუძველი ჩაუყარა თანამედროვე ქართული სისხლის სამართლის სისტემას, განსაზღვრა დანაშაულის სტრუქტურა და შექმნა იურიდიული მიდგომები, რომლებიც დღემდე მოქმედებს.
ის აქტიურად მონაწილეობდა სისხლის სამართლის კოდექსების, საპროცესო კანონების და სასამართლოს შესახებ კანონპროექტების შემუშავებაში, რაც აჩვენებს, რომ მისი მეცნიერული აზროვნება პირდაპირ ზეგავლენას ახდენდა სამართლის პრაქტიკაზე.
თინათინ წერეთელი თავის ნაშრომებსა და საჯარო გამოსვლებში ხაზს უსვამდა, რომ სამართლის სწავლება და პრაქტიკა უნდა იყოს თანაბრად ორიენტირებული ადამიანის უფლებებსა და საზოგადოების კეთილდღეობაზე;
როგორც აღვნიშნეთ, თინათინ წერეთლის ცხოვრება, ნაშრომები და საზოგადოებრივი მოღვაწეობა დღემდე არის გზამკვლევი ახალი თაობის იურისტებისთვის.
ქსენიამ, ბარბარემ, მარიამმა და თინათინმა თავიანთი ნაშრომებით ქვეყანას უდიდესი საგანძური დაუტოვეს. თუმცა ქალებს დაუტოვეს კიდევ უფრო მეტი - მოტივაცია გამბედაობისთვის.
დღეს 11 თებერვალია, მეცნიერ ქალთა და გოგონათა საერთაშორისო დღე… ამ დღის მთავარი მიზანი განათლებისა თუ მეცნიერების სხვადასხვა სფეროში მეცნიერი ქალების წახალისება და თანასწორუფლებიანობის ხელშეწყობაა…