13 აგვისტო 2026,   11:50
ვრცლად
"რუსთავი 2", დღეს, პროდუქციის ფასებზე მრავალპარტიულ დებატებს უმასპინძლებს

"რუსთავი 2-ის" ეთერში დებატების მთავარი თემა, დღეს, პროდუქტებზე ფასნამატების რეგულირება იქნება. ოპონენტებთან მოსაზრებების საქმიან რეჟიმში გაცვლა, მთავრობის მეთაურის თქმით, ქვეყანაში ჯანსაღი პროცესების სტიმულირებას შეუწყობს ხელს.

პროდუქციაზე გაზრდილი ფასნამატების დაწევის აუცილებლობაზე ინიციატივა თავად ირაკლი კობახიძეს ეკუთვნის. პრემიერ-მინისტრის თქმით, იმ ფონზე, როდესაც სურსათის ფასი ევროპულ ანალოგებზე ძვირია, აუცილებელია, ბიზნესმა სოციალური პასუხისმგებლობა გამოიჩინოს. ხელისუფლება, ფასების შემცირების მიზნით, ფასნამატის რეალურ მდგენელს რამდენიმე ფორმატში სწავლობს.

სურსათის, საწვავისა და მედიკამენტების გაიაფება რომ შესაძლებელია, ამაში დარწმუნებულია მმართველი გუნდი. პარლამენტში უკვე დაკომპლექტდა სპეციალური საგამოძიებო კომისიაც. უმრავლესობაში, თავისუფალი ბიზნესის პრინციპის დაცვით, ყველა კომპონენტის შესწავლას აანონსებენ, რომელიც ფასნამატზე ნეგატიურ გავლენას ახდენს. კანონმდებლების თქმით, ბიზნესისა და მთავრობის წესებზე დაფუძნებული თანამშრომლობა უახლოეს მომავალში მოსახლეობას ცხოვრების ტვირთს შეუმსუბუქებს.

ვინ არის ფასნამატების ზრდაზე პასუხისმგებელი? - ამ კითხვაზე განსხვავებულია ხელისუფლების ოპონენტების პოზიცია. "გირჩი", რომელიც დებატებში მონაწილეობს, ფასების ზრდას ეროვნული ბანკის არასწორ მონეტარულ პოლიტიკას უკავშირებს. გახარიას გუნდში კი ამბობენ, რომ ფასნამატების სიდიდე ბიზნესის მიდგომებთან კავშირში არაა.

ოპონენტების არგუმენტებს სპეკულაციურს უწოდებენ სახელისუფლებო პარტიაში. "ქართულ ოცნებაში" დღეს საზოგადოებას ისიც შეახსენეს, რომ პროდუქტზე ფასი საბაჟოდან მარკეტის დახლებამდე, საშუალოდ, 86 პროცენტით იზრდება, რაც მოქალაქეებს ყოფით პრობლემებს უმძიმებს. მმართველ გუნდში, შესაძლებლობის ფარგლებში, სურსათის, საწვავისა და მედიკამენტების გაიაფებას აანონსებენ.

"რუსთავი 2", დღეს, პროდუქციის ფასებზე მრავალპარტიულ დებატებს უმასპინძლებს. ფასნამატების რეგულირების ინიციატივა პრემიერ-მინისტრს ეკუთვნის. უკვე მუშაობს სამთავრობო საკოორდინაციო საბჭო, რომელსაც საპარლამენტო კომისიაც მალევე შეუერთდება. მმართველი გუნდი უახლოეს მომავალში, ბიზნესთან თანამშრომლობის გზით, პროდუქტების ფასის შემცირებას გეგმავს.

დღის ამბები