პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ასოციაციის (ASEAN) საპარლამენტთაშორისო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის 2025 წლის ანგარიში წარადგინა.
როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, მრავალწლიანი მუშაობის შედეგად, 2023 წელს, AIPA-მ საქართველოს პარლამენტს დამკვირვებლის სტატუსი მიანიჭა. მას შემდეგ პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაცია აქტიურად ერთვება საპარლამენტთაშორისო ასამბლეის საქმიანობაში.
საანგარიშო პერიოდის განმავლობაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედმა დელეგაციამ მონაწილეობა მიიღო რიგით 46-ე გენერალური ასამბლეის სხდომაში და ასამბლეის დროებითი სამუშაო ჯგუფის ყოველწლიურ შეხვედრაში.
ASEAN-ის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის (AIPA) 46-ე გენერალური ასამბლეა 2025 წლის 16-22 სექტემბერს, მალაიზიის დედაქალაქ კუალა-ლუმპურში გაიმართა. მის მუშაობაში მონაწილეობა მიიღო საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრმა ნიკოლოზ სამხარაძემ. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო წევრი, დამკვირვებელი და სტუმარი ქვეყნების 400-მდე დელეგატმა.
ნიკოლოზ სამხარაძემ პლენარულ სესიაზე შეკრებილ დელეგატებს სიტყვით მიმართა და საქართველოსა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაძლიერების პერსპექტივებსა და მნიშვნელობაზე ესაუბრა.
სიტყვით გამოსვლისას, მან რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ მძიმე ვითარებაზე, ქართველების უფლებების შელახვაზე, საოკუპაციო ხაზზე მოქალაქეების გატაცებასა და აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან ქართველების გაძევებაზე გაამახვილა ყურადღება.
სხდომის ფარგლებში, საქართველოს შესახებ მოსმენა გაიმართა, სადაც საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძემ საქართველოს საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებზე ისაუბრა, ასევე, ქვეყანაში არსებულ ტენდენციებზე, მათ შორის მიმოიხილა ქვეყნის ეკონომიკური, პოლიტიკური და სოციალური მდგომარეობა, სხვადასხვა სფეროში განხორციელებული წარმატებული რეფორმები.
ასეან-ის საპარლამენტო ასამბლეის წევრი ქვეყნების დელეგაციებმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მტკიცე მხარდაჭერა გამოხატეს და სხვადასხვა მიმართულებით საქართველოსთან თანამშრომლობის გაძლიერების სურვილი გამოთქვეს.