სკანდალურ დოკუმენტებზე დისკუსია გრძელდება - შტატებმა ბრიუსელის ცენზორები ამხილა. ევროპარლამენტარი ტომ ვანდენ დრიშე, ამერიკის წარმომადგენელთა პალატის იურიდიული კომიტეტის ანგარიშს აფასებს, რომლის თანახმად, ევროპული ცენზურის ზეწოლის პირობებში, TikTok-მა "სიძულვილის ენად" მიიჩნია და ცენზურა დააწესა შემდეგ ფრაზებზე: "არსებობს მხოლოდ ორი სქესი", "ბავშვები ვერ იქნებიან ტრანსგენდერები" და "შეაჩერეთ ბავშვების სექსუალიზაცია". ევროპარლამენტარი ინტერესდება, რის ნორმალიზებას ცდილობს ევროკავშირი, თუკი ეს ფრაზები სიძულვილია.
სახელისუფლებო პარტიაში აცხადებენ, რომ ცალკეული პირების, ევრობიუროკრატების მხრიდან ასეთი ინსტრუმენტების გამოყენება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მათ სურდათ კონკრეტული საკითხების დისკრედიტაცია და საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის შექმნა.
"დიფ სთეითი" ევროკავშირის ხელით ყველანაირად ცდილობს საკუთარი დღის წესრიგი გაავრცელოს აბსოლუტურად ყველა პლატფორმაზე, იქნება ეს "ტიკტოკი", სხვა სოციალური ქსელები თუ რესურსები. სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების თვალსაზრისით რომ უდიდესი პრობლემებია ევროკავშირში, ამაზე დიდი ხანია საუბრობენ შეერთებულ შტატებში, ამაზე არაერთგზის გვქონდა შესაბამისი განცხადება გაკეთებული ჩვენს ქვეყანას. მცდელობა, რომ დაბლოკონ ყველაფერი ის, რაც მათ არ აწყობთ, არ აწყობს "დიფ სთეითს" და ეს ყველაფერი ძალიან ადვილად ესადაგება საქართველოში არსებულ რაღაც მოძრაობებს, რომლებიც ცდილობდნენ მედიასაშუალებებში ყველაფერი მათთვის არასასურველი მოენათლათ რუსულად, ანტიევროპულად, ანტიდემოკრატიულად, პრაქტიკულად ეს ხომ არის ერთი ხელით ყველგან გაკეთებული ცუდი საქმე, იქნება ეს შეერთებული შტატები, ევროკავშირი თუ საქართველო", - აცხადებს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილი.