11 აგვისტო 2026,   10:48
ვრცლად
სამყაროს მომავალი - როგორი იქნება ცხოვრება დედამიწაზე 100 წლის შემდეგ

ოდესმე გაგჩენია კითხვა - რა იქნება 100 წლის შემდეგ?

როგორი იქნება სამყარო, სადაც ჩვენი შვილები ან შვილიშვილები იცხოვრებენ? იარსებებს თუ არა საზღვრები ისე, როგორც დღეს? ვიცხოვრებთ ისევ დედამიწაზე თუ ადამიანის ისტორია სხვა პლანეტაზეც გაგრძელდება?

ამ სტატიაში სწორედ ამ კითხვაზე პასუხების ძიება გადავწყვიტეთ, სხვადასხვა პროფესიის ადამიანებთან ერთად. ვკითხეთ ფიზიკოსს, ექიმს, მეცნიერებს, რომლებიც ყოველდღე მუშაობენ იმაზე, რომ მომავალი ნაკლებად უცნობი და უფრო უსაფრთხო გახდეს.

რა იქნება 100 წლის შემდეგ? - შესაძლოა პასუხის ძიება სწორედ ახლა დაიწყო, იმ მომენტში, როცა ხელოვნური ინტელექტი შენს ყოველდღიურობაში შეუმჩნევლად შემოვიდა. ის აღარ არის მხოლოდ ტექნოლოგია - ის გარემოა, რომელშიც ვცხოვრობთ და ვმუშაობთ. 

Open photo

ამ სტატიას სწორედ აქედან ვიწყებთ - არა შორეული მომავლიდან, არამედ აწმყოდან. ხელოვნური ინტელექტი ტექნოლოგიური წარმატების ყველაზე მკაფიო ნიშანია: ის ეტაპობრივად ცვლის პროფესიებს, აზროვნების წესს და ყოველდღიური პროცესების რიტმსაც კი. სადამდე შეიძლება მივიდეთ? რა იქნება 100 წლის შემდეგ - ეს კითხვა UniLab-ის დირექტორს, სანდრო ასათიანს დავუსვით.

სანდრო ასათიანი: "არსებობს სხვადასხვა პროგნოზი, რა შეიძლება მოხდეს მომავალში. მაგალითად, ერთი საუბარია იმაზე, რომ ზღვარი ადამიანსა და კომპიუტერს შორის წაიშლება და ამას ყველაფერს მივყავართ ასეთ ტერმინამდე - ტრანსჰუმანიზმი. თუ ეს ცვლილებები მოხდება, მაშინ უკვე იმაზე ლაპარაკი, რომ ესეც ადამიანია, შეუძლებელია და გაჩნდება რაღაცა ზე ან ტრანსადამიანი, რომელიც ტექნოლოგიებისა და ბიოლოგიური არსების ერთიანობა იქნება. ოღონდ ეს არც რობოტი იქნება და არც ადამიანი დღევანდელი გაგებით.

მეორე, საუბარია იმაზე, რომ ვირტუალური რეალობა იმდენად განვითარდება, რომ ადამიანი ვეღარ გაარჩევს ვირტუალურსა და რეალურს. თუ ჩვენ შევძლებთ ტვინში იმ კონკრეტულ ადგილას რაღაც დასხივებას, მაშინ ტვინისთვის განურჩეველი იქნება - მე მართლა შევეხე რაღაცას თუ ეს ვირტუალურია. ეს რეალობად გადაიქცევა: რომ შემეძლება ფრენა, შემეძლება გავჩნდე სადაც მინდა, შემიძლია მქონდეს რაც მინდა და ა.შ.

პროგნოზები, რა თქმა უნდა, მხოლოდ პროგნოზებია და რეალურად რა იქნება, ალბათ ყველაზე მოსახერხებელი პროგნოზი არის სინგულარობა - ანუ რომ თქვა, რომ ყველაფერი ისე შეიცვლება, რომ ვერც კი აგიხსნით, როგორ შეიცვლება მომავალი".

ხელოვნური ინტელექტი გვაჩვენებს, როგორ შეიძლება შეიცვალოს სამყარო ადამიანთან ერთად, მაგრამ მომავლის წარმოდგენა მხოლოდ ტექნოლოგიით არ შემოიფარგლება. როცა კითხვას ვსვამთ, რა იქნება 100 წლის შემდეგ, პასუხი ხშირად სცდება დედამიწის საზღვრებს.

შემდეგი ნაბიჯი ამ ფიქრში კოსმოსია - კონკრეტულად მარსი. პლანეტა, რომელიც უკვე რეალური კვლევების ობიექტია. შესაძლებელია თუ არა ადამიანის ცხოვრება სხვა პლანეტაზე? რამდენად რეალურია მარსის კოლონიზაცია ფიზიკის, ენერგიისა და ადამიანის შესაძლებლობების თვალსაზრისით? ამ თემაზე გვესაუბრება ფიზიკოსი ზაზა ოსმანოვი.

 Open photo

ზაზა ოსმანოვი: "გიჟური იდეაა, მაგრამ მეცნიერება ასე ვითარდება. ოდესღაც რაც გიჟური იყო, დღეს ყველას ჯიბეში გვიდევს - სმარტფონები. ტექნოლოგიურად ხომალდის აწყობა, რომელიც მარსამდე მიაღწევს, დიდ პრობლემას არ წარმოადგენს. მაგრამ აქ პრობლემა ერთი რამ არის: გაგზავნა ცალკე საკითხია და მერე იქ დასახლება.

გაგზავნაც პრობლემურია ამ ეტაპზე, იმიტომ, რომ ის ხომალდი, კაფსულა, რომელიც უნდა გაფრინდეს მარსამდე, მთელი ფრენის პროცესში საკმაოდ ძლიერი კოსმოსური გამოსხივების ქვეშ მოხვდება. მეორე ნაწილი, უკვე იქ დასახლებაა. მეცნიერებას არ აქვს პრაქტიკა იქ ცხოვრების, ასეთ გრავიტაციაში ცხოვრების, თუმცა გვაქვს პრაქტიკა ასტრონავტებისა და კოსმონავტების საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე ცხოვრების, სადაც გრავიტაცია ზუსტად ნულია.

მაგრამ აქ ლაპარაკია არა ერთ-ორ წელზე, არამედ ცხოვრებაზე, ცივილიზაციის დაარსებაზე, კოლონიის შექმნაზე. იქ უნდა გაგრძელდეს ცხოვრება, გამრავლება და ასე შემდეგ. ეს არის ის, რაზეც ადამიანი ყოველთვის ფიქრობდა - როცა ცაში პირველად აიხედა და დასვა კითხვა: რა არის იქ? ამაზე უარის თქმა ნიშნავს უარი ვთქვათ ჩვენს ცივილიზაციაზე. ეს დანაშაული იქნება. ამიტომ, უნდა გვახსოვდეს, რომ დიახ, ჩვენ უნდა წავიდეთ უფრო შორს. ეს საჭიროა, პრაგმატულადაც".

კაცობრიობა რომ მულტიპლანეტარული ცივილიზაცია გახდება, ამაში ეჭვი არც ნეიროქირურგ ედიშერ მაღალაშვილს ეპარება. როგორ წარმოუდგენია სამყარო 100 წლის შემდეგ - ეს კითხვა მასაც დავუსვით.

Open photo

ედიშერ მაღალაშვილი: "მგონია, რომ უახლოეს მომავალში აუცილებლად უნდა შეიქმნას გონებისა და სხეულის, ასე ვთქვათ, გამაფართოებელი მოწყობილობები, რომლებიც ძალიან მჭიდროდ იქნება ინტეგრირებული ადამიანის ორგანიზმთან. ტვინში ჩამონტაჟდება გარკვეული მოწყობილობები და ადამიანებს დამატებით შესაძლებლობებს მისცემს - უფრო სწრაფად წავიკითხოთ, უფრო მეტი დავიმახსოვროთ, უფრო შორს დავინახოთ.

ერთმნიშვნელოვანია, რომ სიცოცხლის ხანგრძლივობა გაიზრდება უახლოეს მომავალში. მე საერთოდ მგონია, რომ თუ შორეულ მომავალს ავიღებთ, სხვადასხვა ტიპის ადამიანების, ასე ვთქვათ, განსხვავებული ეთნოსები უნდა შემცირდეს და უფრო მეტად ერთი საერთო ეთნოსი ჩამოყალიბდება, ჩემს ხედვაში - რომელიც ერთ ენაზე ილაპარაკებს მარტო იმიტომ, რომ ბევრად უფრო გაუადვილდეთ ინფორმაციის გაცვლა-გამოცვლა.

იმისიც მჯერა, რომ ადრე თუ გვიან, ცოტა უტოპიურიც არის, მაგრამ ცნობიერების კოპირება რაღაც მომენტში უნდა გახდეს შესაძლებელი: როცა ერთი ადამიანის მთელი ცნობიერება მეორეში გადაინაცვლებს. ეს უკვე ძალიან უტოპიურია, მაგრამ პრინციპში გამორიცხული უკვე აღარაფერია".

რა იქნება მომავალში, დაზუსტებით ვერავის ეცოდინება. ყველა წარმოდგენა, რომელიც ამ სტატიაში გაჩნდა, მხოლოდ ჰიპოთეზაა - მეცნიერული ლოგიკით აგებული, გამოცდილებით გამყარებული, მაგრამ მაინც ჰიპოთეზა. შესაძლოა მომავალი საერთოდ არ ჰგავდეს იმ სურათს, რომელსაც ახლა ვხატავთ. მაგრამ სწორედ ამ გაურკვევლობაშია მთავარი, რომ არ შევწყვიტოთ ფიქრი - რა იქნება შემდეგ? 

 

ავტორი: სანდრო კაჭახიძე

დღის ამბები