პრეზიდენტის რეზიდენციაზე შტურმის, სამართალდამცველებზე ძალადობის, ცეცხლმოკიდებული ქუჩების, დაზიანებული ინვენტარის, "მოლოტოვის კოქტეილების" სროლისა და პარლამენტის შენობაზე თავდასხმის ამსახველი ეს კადრები უკვე დიდი ხანია საჯაროა, თუმცა საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარის არაერთი მოწოდების მიუხედავად, ევროკავშირის წარმომადგენლობას ფაქტები მაინც არ დაუგმია.
შალვა პაპუაშვილმა პაველ ჰერჩისკისთან წერილი ჯერ კიდევ ერთი წლის წინ გაგზავნა, თუმცა მაშინაც, როგორც დღეს, დიპლომატის პასუხი დუმილი იყო. ამ დუმილით კი შალვა პაპუაშვილის თქმით, ბრიუსელი საქართველოში რევოლუციურ პროცესებს ახალისებს და ლეგიტიმაციას აძლევს.
ხელისუფლების გაკრიტიკება და ევროკავშირის ელჩის დაცვა ოპოზიციამ უკვე იმ ტრადიციად აქცია, რომელიც არც დღეს დაურღვევია. ხელისუფლების ოპონენტების თქმით, პაველ ჰერჩინსკი საქართველოში არა ძალადობას, არამედ დემოკრატიულ პროცესებს უჭერს მხარს.
დუმილით პასუხისმგებლობას რომ ვერავინ გაექცევა, ეს ევროკავშირის წარმომადგენლობას დღეს მმართველი გუნდიდან უთხრეს. სახელისუფლებო პარტიის წევრები ბრიუსელის უსამართლო მიდგომებზე საუბრობენ და აცხადებენ, რომ ევროკავშირი აფინანსებს და ახალისებს, ევროპული ღირებულებების წინააღმდეგ მოქმედ იმ პირებსა და ორგანიზაციებს, რომლებიც მხოლოდ აგრესიას, ძალადობას და პოლიტიკურ პოლარიზაციას აღვივებენ.
დაგმობს და გაემიჯნება თუ არა ევროკავშირის ელჩი ძალადობას - პაველ ჰერჩინსკი უკვე ერთი წელია დუმს.
ავტორი: ნანა გოგატაძე