2021 წელს, ომის დაწყებამდე რამდენიმე თვით ადრე, კიევში გადაღებულ კადრებში ევროპელი მაღალჩინოსნების მორიგი ვიზიტია აღბეჭდილი. რომლებიც იმ პერიოდში უკრაინაში ერთი-მეორეს მიყოლებით ჩადიოდნენ და პრეზიდენტის თანამდებობაზე ახლადარჩეულ ზელენსკის ევროკავშირში გაწევრიანებას ჰპირდებოდნენ. ბიუროკრატები ღიად აცხადებდნენ, რომ ომი და ესკალაცია, ევროინტეგრაციის შეუქცევადი პროცესისთვის დაბრკოლებად ვერ იქცეოდა.
დღეს კი, როცა ომის დაწყებიდან უკვე ოთხი წელი გადის, გაირკვა, რომ მშვიდობა ევროპელებისთვის უზენაესი ღირებულებაა. ნებისმიერი გადაწყვეტილება, კი რომელიც ამ იდეას საფრთხეს უქმნის, საზოგადოებისგან მყარ და კატეგორიულ წინააღმდეგობას აწყდება.
ვიქტორ ორბანი ევროკავშირში მარტო არ არის. მას მხარს არაერთი სახელმწიფო უჭერს. ერთ-ერთი ბოლო, რომელმაც უნგრეთის პოზიცია ნაწილობრივ გაიზიარა, გერმანიაა. კანცლერმა მერცმა, ღიად თქვა, რომ უახლოეს მომავალში უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება არარეალისტური მოსაზრებაა.
განცხადებები მოულოდნელი არ ყოფილა ოფიციალური თბილისისთვის, სადაც უკვე წლებია ამბობენ, რომ ვიდრე ომი არ დასრულდება, კიევი ვერცერთ პოლიტიკურ გაერთიანებაში ვერ გაწევრიანდება. მმართველი გუნდის წარმომადგენლები ახლა აქცენტს იმ დაპირებებზე აკეთებენ, რომელიც ევრობიუროკრატებმა უკრაინას ომის დაწყების მომენტში მისცეს, თუმცა დღემდე არ შესრულებულა.
ევროპელი ლიდერების განცხადებები ქართული ოპოზიციისთვის დამაჯერებელი არგუმენტი ვერ აღმოჩნდა. "ნაციონალური მოძრაობისა" და "გახარია საქართველოსთვის" წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ ომის, კორუფციისა და სხვა მრავალი გამოწვევის მიუხედავად, კიევი ევროინტეგრაციისთვის საჭირო ყველა პირობას პირნათლად ასრულებს. სწორედ ამიტომ, ხელისუფლების ოპონენტები დარწმუნებით აცხადებენ, რომ უკრაინა უახლოეს მომავალში აუცილებლად ევროკავშირის წევრი გახდება.
უკრაინის ირგვლივ შექმნილ ვითარებას საპარლამენტო უმრავლესობაც გამოეხმაურა. მმართველ გუნდში მიიჩნევენ, რომ ევროკავშირში უკრაინისთვის ფასადური, მხოლოდ წამახალისებელი განცხადებების რესურსი ამოიწურა. დეპუტატების შეფასებით, ევროპელმა ლიდერებმა პრიორიტეტად საკუთარი ამომრჩევლის ინტერესები დაისახეს, რამაც რეალობა გააშიშვლა: ომის დასრულებამდე და ქვეყნის სრულ რეაბილიტაციამდე, კიევის ევროინტეგრაცია დღის წესრიგიდან, ფაქტობრივად, მოხსნილია.
კიევი, ვერც ნატოს წევრი ვერ გახდება, ეს მოსკოვისა და ვაშინგტონის მიერ შედგენილ სამშვიდობო დოკუმენტში უკვე ჩაიწერა და გადახედვას არ ექვემდებარება. უკრაინა ომის დასრულებამდე ვერც ევროკავშირში გაწევრიანდება. ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერების თქმით, ეს გადაწყვეტილება ახალი არ არის და ის წინასწარი კონსულტაციების შედეგად იქნა მიღებული.