10 აგვისტო 2026,   12:10
ვრცლად
სუვერენიტეტის დაცვა, გამჭვირვალობა, ქართულ პოლიტიკაში უცხოური გავლენისა და დაფინანსების გაუქმება - ახალი საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტის მიზნები სახელისუფლებო გუნდში განმარტეს

სუვერენიტეტის დაცვა, გამჭვირვალობა, ქართულ პოლიტიკაში უცხოური გავლენისა და დაფინანსების გაუქმება - ახალი საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტის მიზნები დღეს სახელისუფლებო გუნდში განმარტეს. მთავარი მოტივაცია, ე.წ. შავი ხვრელების ამოვსებაა, რომლის მეშვეობითაც, ქართულ პოლიტიკაში შემოსული უცხოური ფული, რევოლუციური სცენარების განვითარებას ხმარდებოდა. ცვლილებები შედის "გრანტებისა" და პოლიტიკური პარტიების შესახებ კანონში. რეგულაციები წესდება მეწარმე იურიდიული სუბიექტებისთვისაც. თუ საქართველოს ხელისუფლებაზე, სახელმწიფო დაწესებულებებზე ან საზოგადოებაზე გავლენის მოხდენის, საშინაო ან საგარეო პოლიტიკის ჩამოყალიბების, ან უცხო ქვეყნის ინტერესების გატარების მიზნით, ერთი პირი მეორეს ფულს გადასცემს, ტექნიკურ დახმარებას ან სხვა ტიპის მომსახურებას გაუწევს, ეს გრანტად ჩაითვლება. ასეთ შემთხვევაში დაფინანსების მიმღები დაჯარიმდება ან 300-დან 500 საათამდე საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა მოუწევს. უკიდურეს შემთხვევაში კი სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრება - 6 წლამდე ვადით. რაც შეეხება უცხოეთში რეგისტრირებულ ორგანიზაციებს, რომლებსაც ფილიალები საქართველოში აქვთ, მთავრობის თანხმობის გარეშე გრანტის მიღების შემთხვევაში ისინი დაჯარიმდებიან.

ცვლილებებით, რომელიც პოლიტიკური პარტიების შესახებ კანონში შედის, გათვალისწინებულია ტერმინების ჩანაცვლებაც. თუ აქამდე ვხვდებოდით ჩანაწერს - "გაცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე" - ეს შეიცვლება ახალი ტერმინით- "გაცხადებული პარტიულ პოლიტიკური მიზნის მქონე". ამავე კანონში იქნება გათვალისწინებული კიდევ ერთი სიახლე, რომლის თანახმად, 8 წლის განმავლობაში პოლიტიკური პარტიის წევრი ვერ გახდება ის ადამიანი, რომელიც ხელშეკრულებით არის დასაქმებული ორგანიზაციაში, რომლის შემოსავლის 20 პროცენტზე მეტიც უცხოეთიდანაა მიღებული. თუ პარტიის ხელმძღვანელი ან ორგანიზაციაში დასაქმებული უცხოურ დაფინანსებას მიიღებს, მას სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრება. პარტიის წევრის ფინანსურ საქმიანობას კი აუდიტის სამსახური შეისწავლის. საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი ბიუროს სხდომაზე დღეს დარეგისტრირდა.

საკანონმდებლო ცვლილებები, ინტერპრეტაციის სივრცეს ტოვებს საპარლამენტო ოპოზიციისთვის. გახარიას გუნდში, სიახლეს არ ეთანხმებიან და მას დამატებით შემზღუდავ მექანიზმად მიიჩნევენ. ცვლილებები მიუღებელია ძლიერი საქართველოსთვისაც.

სწორედ სამეწარმეო საქმიანობის რეგულირებასთან დაკავშირებით გავრცელებულ ამ ინფორმაციებს მიიჩნევს სახელისუფლებო გუნდი სპეკულაციად. "ქართულ ოცნებაში" განმარტავენ, რომ შეზღუდვები არა ინდივიდუალურ-მცირე მეწარმეებს, არამედ იმ კომპანიებს ეხებათ ვინც იურიდიულ სამეწარმეო საქმიანობას ახორციელებენ და პოლიტიკურ აქტივობებში ჩაერთვებიან. "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ მთავარი მიზანი - გამჭვირვალობა და საქართველოს მოქალაქეების ინფორმირებაა - რას ემსახურება ქვეყანაში შემოსული უცხოური ფინანსები, მითუმეტეს, თუ ის საჯარო პროცესზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს.

საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტის შინაარსობრივ განხილვას პარლამენტი უახლოეს დღეებში, საგაზაფხულო სესიის გახსნის შემდეგ დაიწყებს. პროექტით, რომელიც დღეს ბიუროს სხდომაზე დარეგისტრირდა, სისხლის სამართლის წესით დასჯადი ხდება გარე ლობიზმი და ფულის გათეთრებაც.

 

დღის ამბები