11 აგვისტო 2026,   05:13
ვრცლად
ლევან მახაშვილი სანდუს განცხადებაზე: თუ გავითვალისწინებთ, რა განცხადებებიც მოგვისმენია მისგან და მისი კოლეგებისგან და, ზოგადად, მათი მიზანი რაც არის - დააზიანონ საქართველოს რეპუტაცია ყველა პლატფორმიდან - ეს განცხადება გასაკვირი არ იყო

თბილისში პოლიტიკური შეფასებების თემაა მაია სანდუს განცხადება, რომელმაც, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში სიტყვით გამოსვლის დროს, კრემლის ჰიბრიდულ ოპერაციებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ რუსეთმა საქართველო საკუთარ ორბიტაზე დააბრუნა.

მმართველი გუნდისთვის ცინიზმია იმ პრეზიდენტის განცხადება, რომელიც საკუთარი ქვეყნის რუმინეთთან გაერთიანების იდეას მხარს უჭერს და რომელმაც დსთ-დან გასვლის პროცესი წლების შემდეგ, მხოლოდ ახლახან დააინიცირა.

უმრავლესობა მაია სანდუს საკუთარ ქვეყანაში არსებულ მძიმე ვითარებას - ეკონომიკურ კრიზისს, კორუფციასა და სიღარიბის მაჩვენებელს ახსენებს. ასევე, როგორ გახდა სანდუ ქვეყნის გარეთ მიღებული ხმებით პრეზიდენტი, გააუქმა ოპოზიციური პარტიები და მედია.

პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი აცხადებს, რომ განცხადება დიდად არ გაჰკვირვებია.

"ჩვენთვის უცნაური იყო მაია სანდუს ეს განცხადება, მეორეს მხრივ კი, თუ გავითვალისწინებთ იმ წარსულს, რა განცხადებაც მოგვისმენია მისგან და მისი კოლეგებისგან და ზოგადად მათი მიზანი რაც არის - დააზიანონ საქართველოს რეპუტაცია ყველა პლატფორმიდან - ეს განცხადება, ამავე დროს, გასაკვირი არ იყო.

ჩვენი საგარეო პოლიტიკის წყალობით, დღეს მოლდოვის ეკონომიკაზე ორჯერ დიდია საქართველოს ეკონომიკა, დღეს საქართველოს ბიუჯეტის დეფიციტი და სხვა ყველაფერი ნორმაშია. არ ვიცი, შური ალაპარაკებთ თუ რა, მაგრამ ფაქტია, რომ ამ საგარეო პოლიტიკამ საქართველოს მოუტანა მშვიდობა და ეკონომიკური განვითარება," - აცხადებს ლევან მახაშვილი.

დღის ამბები