ელიტური კორუფცია ევროკავშირის მოქალაქეებსაც აწუხებთ, თუმცა ბოლო დროს ჩატარებული გამოკითხვები უფრო საგანგაშო პერსპექტივებზე მიუთითებს. იფსოს შემდეგ, კომპანია FGS Global-ის საზოგადოებრივი აზრის კვლევა, რომელსაც გავლენიანი გამოცემა "პოლიტიკო" აქვეყნებს. ნიჰილიზმი, პესიმიზმი, საკუთარი მთავრობების უნდობლობა ევროპის მოსახლეობის უმეტესობა აცხადებს, რომ მათ ქვეყნებში დემოკრატიის დაღმა სვლაა.
ევროკავშირის პოლიტიკური ელიტის პოლიტიკური კატასტროფისკენ მიმავალ გზაზე, "ქართული ოცნება" ჯერ კიდევ 4 წლის წინ საუბრობდა. პესიმისტური განწყობები, დემოკრატიული უკუსვლა და ცხოვრების დონის გაუარესება - ბრიუსელის ბიუროკრატების მიერ შექმნილი ეს პრობლემები, რომელმაც ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების რიგითი მოქალაქეების ნიჰილიზმი გამოიწვია, საერთაშორისო კომპანია FGS Global-ის კვლევაშია ასახული. ანალოგიური შედეგი აჩვენა 2 თვის წინ იფსოსის გამოკითხვამაც, რომელიც დღეს თბილისში კიდევ ერთხელ გაიხსენეს. ავტორიტეტული ორგანიზაციების კვლევები "ქართული ოცნებისთვის" მორიგი მტკიცებულებაა, რომ ევროპული გაერთიანება კრიზისამდე თავად ბრიუსელის მმართველმა კლასმა მიიყვანა.
FGS Global-მა, რომელიც მსოფლიოს 31 ქვეყანაში ოპერირებს, კვლევაში ჩართო ევროკავშირის 23 სახელმწიფო, 11 000-ზე მეტი ადამიანი.
შედეგებს, რომლის თანახმადაც გამოკითხულთა უდიდეს ნაწილს ევროპის მომავალზე პესიმისტური განწყობები აქვს და დემოკრატიულ უკუსვლაზე საუბრობს, "პოლიტიკო" ავრცელებს. სტატიაში ვკითხულობთ, რომ ნეგატიური განწყობები განსაკუთრებით ცენტრალურ და დასავლეთ ევროპაში ჭარბობს. თითქმის ყველა ქვეყანაში გამოკითხულთა უმრავლესობა მიიჩნევს, რომ მათი სახელმწიფო არასწორ გზაზეა.
ციფრებში ასახულ ევროპულ რეალობას არ ენდობიან ქართველი ოპოზიციონერები. ხელისუფლების ოპონენტები ირწმუნებიან, რომ პრობლემებისა და მკვეთრად პესიმისტური განწყობების მიუხედავად, ევროპელები მაინც ყველაზე უკეთ ცხოვრობენ.
ოპონენტებს დღეს მმართველი გუნდიდან შეახსენეს, რომ ევროპელი მაღალჩინოსნების პოლიტიკურ ფიასკოზე აღიარებითი ჩვენებები თავად ევროგაერთიანების კულუარებიდანაც ისმის. თქვეს ისიც, რომ ბრიუსელის შეცდომებს - ომში ხალხის მილიარდების ხარჯვას, მიგრაციასა და პოლიტიკურ მიკერძოებას - თბილისი და ვაშინგტონი ერთნაირად აღიქვამს. კვლევა აჩვენებს, რომ ევროპის წინაშე არსებული პრობლემების მიზეზი ევროკავშირის ორგანოების ქმედებებია, რაც ძირს უთხრის პოლიტიკურ თავისუფლებასა და სუვერენიტეტს.
სტრატეგიული კომუნიკაციების კომპანია FGS Global-ის მიერ ნოემბერში ჩატარებულ გამოკითხვას წინ უძღოდა იფსოსის საერთაშორისო კვლევა, რომელიც ევროკავშირის წევრ 7 ქვეყანაში, დიდ ბრიტანეთსა და აშშ-ში ჩატარდა.
შედეგებმა კი აჩვენა, რომ დასავლეთის ამომრჩევლების თითქმის ნახევარი უკმაყოფილოა დემოკრატიით და შიშობს, რომ მომავალში მას უფრო დიდი საფრთხე დაემუქრება. მოსახლეობა საფრთხედ მიიჩნევს დეზინფორმაციას, კორუფციას, ექსტრემიზმს და მთავრობის არასაკმარის ანგარიშვალდებულებას.