დებატების კულტურის დაბრუნება საჯარო სივრცეში - პრემიერ-მინისტრის ინიციატივა კვლავ პოლიტიკური განხილვის თემაა.
ოპოზიციის ნაწილი ინიციატივას იზიარებს, ნაწილს საკუთარი პირობები აქვს.
მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ საზოგადოებას უნდა ჰქონდეს ინფორმირებული არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა. ჯანსაღი დისკუსია კი დემოკრატიული პროცესის შემადგენელი ნაწილია.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, ნინო წილოსანის განცხადებით, დღეს არ არსებობს უსაფრთხო გარემო,, სადაც ოპონენტები საკითხის განხილვას შეძლებენ.
"მაღალი სტანდარტების მედია გარემო არის აუცილებელი ფაქტორი იმისთვის, რომ ჯანსაღი დებატები გაიმართოს.
მედია სივრცის პოლარიზაცია, ნიკა გვარამიას და იმ რადიკალური ოპოზიციის დამსახურებაა, ვინც ყველაფერი გააკეთა, რომ წარმოუდგენელი გამხდარიყო ჩვენს ოპონენტებთან მედია სივრცეში ერთად ყოფნა.
ჩვენი მთლიანი პოლიტიკური გუნდი მუშაობს იმ ფორმატებზე, რომელიც იქნება მეტ-ნაკლებად უსაფრთხო საზოგადოებისთვის. არ არსებობს უსაფრთხო ეთერი. ადამიანებს შეუძლიათ, ერთმანეთს ფიზიკურად შეეხონ", - განაცხადა ნინო წილოსანმა.