18 ივნისი 2026,   23:42
ვრცლად
გამოცდილების გასაზიარებლად მოწყობილი ტრიბუნა ლიდერებმა ევროპის გასაკრიტიკებლად გამოიყენეს - დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე, ეკონომიკაზე თითქმის არავის უსაუბრია

დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე, ეკონომიკაზე თითქმის არავის უსაუბრია. გამოცდილების გასაზიარებლად მოწყობილი ეს ტრიბუნა კი ლიდერებმა ერთი მიზნით - ევროპის გასაკრიტიკებლად გამოიყენეს. თუ წლების განმავლობაში, მსოფლიოს წამყვანი პოლიტიკოსები პლატფორმის მეშვეობით ერთმანეთთან დაკავშირებას და დაახლოებას ახერხებდნენ - წელს, ქვეყნები პოლიტიკური გემოვნებისა და იდეოლოგიების დამსახურებით ერთმანეთს კიდევ უფრო დაშორდნენ. დამტკიცდა, რომ კანონზე დამყარებული საერთაშორისო წესრიგი საბოლოოდ მორღვეულია, დიპლომატიას ძალა ანაცვლებს, მსოფლიოში კი ახალი რეალობა დგება.

საკუთარ გამოსვლაში გულწრფელობა არ დაიშურა დონალდ ტრამპმა. შეერთებული შტატების 47-ე პრეზიდენტმა დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე აღნიშნა, რომ ევროპის კონტინენტი არასწორი მიმართულებით მიდის. ღირებულებების გაუფასურება, ტრადიციების უგულებელყოფა, უკონტროლო მიგრაცია და ეკონომიკური კრიზისი - თეთრი სახლის ლიდერმა მთავარი აქცენტები სწორედ ამ საკითხებზე გააკეთა. ტრამპმა ევრობიუროკრატებს კიდევ ერთხელ შეახსენა, რომ შტატები სხვების გასამდიდრებლად დაფინანსების გამოყოფას აღარ აპირებს. შესაბამისად, დასრულებულია ჯო ბაიდენის პოლიტიკაც, რომელიც ევროპის განვითარების ტვირთს ამერიკელ გადასახადის გადამხდელებს აკისრებდა.

სიტყვით გამოსვლის შემდეგ დონალდ ტრამპი ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა. 1 საათიანი აუდიენციის შემდეგ, ტრიბუნასთან გამოსულმა უკრაინის პრეზიდენტმა ზუსტად ის რიტორიკა გამოიყენა, რაზეც ამერიკის პრეზიდენტი აპელირებდა. ევროპა ვერ იქცა გლობალურ ძალად და ის გადაწყვეტილებების მისაღებს სხვების კარნახს ელოდება. ომში მყოფი ქვეყნის პრეზიდენტმა, ევროპის კონტინენტზე მიმდინარე 4 წლიან ომზე პასუხისმგებლობა ევრობიუროკრატებსაც დააკისრა.

მწვავე კრიტიკული განცხადებების მოსმენის შემდეგ, ახალი რეალობით შთაგონებული ინიციატივა გააჟღერა ევროკომისიის პრეზიდენტმა. ურსულა ფონ დერ ლაიენმა ლიდერებს მოუწოდა, დაიწყონ "დამოუკიდებელი ევროპის" მშენებლობა, რაც, ამერიკული ქოლგის გარეშე დარჩენილი ქვეყნებისთვის გადარჩენის უკანასკნელი შანსია.

"რადიკალური ტრანსფორმაცია" და "გლობალური ფრაგმენტაცია" - სწორედ ასე აფასებენ დასავლელი ანალიტიკოსები 2026 წლის დავოსის ფორუმს. მსოფლიო ლიდერების შეკრებას სადაც, ეკონომიკური ცვლილებებისთვის მისულმა პოლიტიკოსებმა - გეოპოლიტიკური ცვლილებები აღიარეს და მსოფლიოს ახალ პოლიტიკურ წესრიგზე მუშაობაა დააანონსეს.

დღის ამბები