მორიგი საიდუმლო შეხვედრა ოპოზიციის აქტივისტებთან - გავრცელებული ინფორმაციით, 15 იანვარს გერმანიის საელჩოში, ელჩი პიტერ ფიშერი ოპოზიციის სხვადასხვა დაჯგუფების წევრებს შეხვდა. მათ შორის გირჩის წევრ ლუკა მიშველაძეს. როგორც ცნობილი ხდება, ელჩმა შეხვედრაზე აღნიშნა, რომ დღევანდელი საპროტესტო აქციები უშედეგოა და აუცილებელია ირანის მსგავსი სცენარი საქართველოშიც განხორციელდეს. მან ასევე ორგანიზაციების შემდგომი დაფინანსების მოპოვებაზეც ისაუბრა, რაზეც ოპოზიციაში კონტაქტი ლუკა მიშველაძესთან ექნება.
საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”ხალხის ძალა” თავმჯდომარის მოადგილე ეკა სეფაშვილის განცხადებით, ის რომ გერმანიის ელჩი ფარულად ხვდება რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებს და სინამდვილეში კი, თავის აგენტებს, ეს ნიშნავს იმას, რომ მათ ჩაფიქრებული აქვთ საქართველოსათვის არასასურველი საქმეების კეთება:
"ის, რომ გერმანიის ელჩი ფარულად ხვდება რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებს და სინამდვილეში კი, თავის აგენტებს, ეს ნიშნავს იმას, რომ მათ ჩაფიქრებული აქვთ საქართველოსათვის არასასურველი საქმეების კეთება. მედიაში უკვე ვრცელდება ინფორმაცია, რომ ეს ეხებოდა საქართველოში აგრესიის, ძალადობის ახალ ტალღას, რომელსაც აუცილებლად უნდა მოჰყვეს მსხვერპლი. პროტესტს, რომელიც მიმდინარეობს, რა თქმა უნდა, შედეგი არ აქვს და ვერც ექნება. პირიქით, ეს პროტესტი მინელდა, ჩაქრობის პირას არის და სწორედ ამიტომ ცდილობენ ისინი ისეთი პროტესტის დაგეგმვას, რამაც მსხვერპლი უნდა გამოიწვიოს. ეს, მოქალაქეების მხრიდან საქართველოს ღალატზე ხელის მოწერაა, ხოლო ელჩის მხრიდან საშინაო საქმეებში უხეში ჩარევა," - აცხადებს ეკა სეფაშვილი.