მმართველი პარტია ბრიტანეთის საზოგადოებრივ მაუწყებელს ცილისმწამებლური მასალისა და ჟურნალისტური სტანდარტების დარღვევის გამო უჩივის. საუბარია BBC-ის ე.წ. საგამოძიებო ფილმზე, რომელშიც "ქართული ოცნება", ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური იარაღის გამოყენებაშია დადანაშაულებული. BBC სრულმეტრაჟიან ვიდეოში ამტკიცებს, რომ "ოცნებამ" საპოლიციო ღონისძიებების დროს ნივთიერება "კამიტი" წყლის ჭავლში გაურია. ფილმის გამოქვეყნებიდან მალევე, გამოძიება დაიწყო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა, რომელმაც ათობით მოწმის გამოკითხვის შემდეგ დაადგინა, რომ მასალაში გამოთქმული ჰიპოთეზა რეალობას არ ეფუძნება. პარლამენტის სპიკერმა დღეს ყველა ის არგუმენტი გააჟღერა, რომელიც BBC-ის მხრიდან სტანდარტების უხეშ დარღვევაზე მიუთითებს.
BBC-ის ე.წ. საგამოძიებო ფილმის გამოქვეყნებიდან მალევე, იქ გაჟღერებული ინფორმაცია ქართული ოპოზიციისა და არასამთავრობოების დღის წესრიგის განუყოფელ ნაწილად იქცა. მაშინ, კრიტიკოსები ამტკიცებდნენ, რომ ხელისუფლება BBC-ის წინააღმდეგ ვერ იჩივლებდა.
თუ BBC-ის სარჩელს არ დააკმაყოფილებს და ბოდიშს არ მოიხდის, პარლამენტის თავმჯდომარემ დღეს ის ეტაპები დაასახელა, რომელსაც საჩივარი გაივლის. ბრიტანული მარეგულირებელი, სასამართლო და ბოლოს სტრასბურგი - "ოცნება" ყველა ინსტანციის გამოყენებას გეგმავს. მოთხოვნა ყველა პლატფორმიდან ე.წ. გამოძიების წაშლა და BBC-ის მხრიდან ოფიციალური ბოდიში იქნება.
იმის მიუხედავად, რომ ბრიტანული მაუწყებლის მასალაში მონაწილე ვერცერთმა რესპონდენტმა მტკიცებულება ვერ წარმოადგინა, იქ გაჟღერებული ჰიპოთეზის დღემდე სჯერათ ქართულ ოპოზიციაში. ამბობენ, რომ საჩივრის ნაცვლად, ხელისუფლებამ, დაუსაბუთებელი ვარაუდის, საერთაშორისო გამოძიებას უნდა შეუწყოს ხელი.
ოპონენტებისა და BBC-ის მხრიდან ქვეყნის იმიჯის მიზანმიმართული დაზიანების მცდელობაზე საუბრობენ მმართველ გუნდში. საპარლამენტო უმრავლესობაში სარჩელის პრეცედენტულობაზე აკეთებენ აქცენტს და ამბობენ, რომ BBC-ის მხრიდან საკუთარი სტანდარტების უხეში დარღვევა მკაცრი სამართლებრივი პასუხის გარეშე არ უნდა დარჩეს.
ბრიტანეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის ე.წ. საგამოძიებო ფილმის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გამოძიება უკვე ჩაატარა. გამოიკითხა ფილმის ყველა ფიგურანტი და დადგინდა, რომ ქიმიური იარაღის გამოყენების შესახებ ინფორმაცია არცერთ მათგანს არ ჰქონია. მეტიც, პოლიციის შეიარაღებაში ბრომბენზილ ციანიდი, იგივე კამიტი არასდროს ყოფილა.