ანტისამთავრობო საპროტესტო აქციიდან აღებული კადრები ევროკავშირის ოფიციალურმა წარმომადგენლობამ სახელმწიფო დროშის დღისადმი მიძღვნილ ვიდეორგოლში გაავრცელა. სწორედ ამ ფორმით მიულოცა საელჩომ საქართველოს ეროვნული მნიშვნელობის თარიღი. ხელისუფლების შეფასებით, ეს ნაბიჯი შეურაცხმყოფელია და რადიკალიზმის წახალისებასთან ერთად, ქვეყნის შიდა საქმეებში მორიგ უხეშ ჩარევას წარმოადგენს.
ვიდეო ევროკავშირის ელჩის სიტყვებით სრულდება. კადრებს თან ახლავს განცხადებაც, რომ ქართული დროშა სიძლიერეს, გამძლეობასა და იმედს გამოხატავს - სიმამაცისა და მომავლის რწმენის სიმბოლოს.
დროშა, როგორც არეულობისა და სახელმწიფო გადატრიალების სიმბოლო - "ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ სწორედ ასე ხედავს ბრიუსელი საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოს. მმართველ გუნდში ამბობენ, რომ ე.წ. მისალოც ვიდეორგოლში მკაფიოდ იკითხება ევრობიუროკრატების გზავნილი, რომელიც ძალადობრივი პროტესტის რომანტიზებასა და დაპირისპირების წახალისებას უკავშირდება.
რა პოზიცია აქვს ძალადობის შესაძლო წახალისებაზე თავად საელჩოს - ვიდეორგოლთან დაკავშირებით "კურიერმა" ევროკავშირის ოფიციალურ წარმომადგენლობას წერილობით მიმართა, თუმცა პასუხი ამ დრომდე არ მიუღია. ევროკავშირის წევრი ქვეყნების უმრავლესობას საქართველოსთვის დღევანდელი თარიღი არც მიულოცია, ნაწილმა კი ოფიციალურ გვერდებზე სწორედ ევროკავშირის ვიდეო გააზიარა. ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ საქართველოს სახელმწიფო დროშის დღისადმი მიძღვნილი მისალოცი ქარდი გამოაქვეყნა.
სახელმწიფო დროშის დღე საქართველოში 2012 წლის 14 იანვრიდან აღინიშნება. საქართველოს ეროვნული სიმბოლოს - ხუთჯვრიანი დროშის დაბრუნებისკენ საქართველოს პატრიარქი ილია მეორე პარლამენტს ჯერ კიდევ 1999 წელს მოუწოდებდა. პატრიარქის ეს ვიდეო სოციალურ ქსელში პარლამენტის თავმჯდომარემ გაავრცელა.
დღევანდელ დღესთან დაკავშირებით ტრადიციულად გაიმართა სახელმწიფო შენობებზე დროშის აღმართვის ცერემონიები.
ქვეყნის ეროვნული სიმბოლოს პატივისცემის ნიშნად დროშები დღეს საზეიმოდ აღმართეს შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფში, ასევე თავდაცვის სამინისტროს ტერიტორიასა და თავდაცვის ძალების სამხედრო ბაზებზე - ეროვნული ჰიმნის ფონზე.
სახელმწიფო დროშის დღე აღნიშნეს თბილისის საკრებულოშიც. თარიღთან დაკავშირებით შენობიდან არაერთი სახელმწიფო დროშა გადმოფინეს.