ევროკავშირი რუსეთთან ოფიციალური მომლაპარაკებლის დანიშვნას არ გამორიცხავს - ინფორმაცია ევროპული გაერთიანების კულუარებში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით, გამოცემა "პოლიტიკომ" გაავრცელა. სტატიაში ვკითხულობთ, რომ ამ კუთხით განსაკუთრებულად იტალია და საფრანგეთი აქტიურობენ, შერჩეულია პოტენციური მედიატორებიც - იტალიის ექს-პრემიერი მარიო დრაგი და ფინეთის პრეზიდენტი ალექსანდრ სტუბი. როგორც "პოლიტიკო" წყაროზე დაყრდნობით წერს, ევროპელები შიშობენ, შტატებმა და რუსეთმა შეთანხმებას მათ გარეშე არ მიაღწიონ.
ორმაგი სტანდარტი, რომელიც რეალურ ევროპულ ფასეულობებს არ შეესაბამება - ასე გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრი "პოლიტიკოს" გვერდებზე გამოქვეყნებულ ინფორმაციას. ირაკლი კობახიძემ რუსეთისთვის სანქციების არდაწესების გამო, ევროკავშირიდან განხორციელებული ზეწოლა და დისკრედიტირების მცდელობა გაიხსენა. თქვა, რომ ევროპელი მაღალჩინოსნების მიდგომები ადასტურებს, რომ ისინი მხოლოდ სუბიექტური საჭიროებების მიხედვით ოპერირებენ.
ევროკავშირს რუსეთთან მოლაპარაკების ლეგიტიმური უფლება და საჭიროება აქვს, საქართველოს კი სავაჭრო ურთიერთობაც არ უნდა ჰქონდეს - ასეთია ხელისუფლების ოპონენტების პოზიცია. ოპოზიციაში ამბობენ, რომ უკრაინის, როგორც ევროკავშირის მომავალი წევრის ინტერესების დასაცავად, ბრიუსელმა მოსკოვთან უნდა ისაუბროს.
საპარლამენტო უმრავლესობაში, "პოლიტიკოს" სტატიას, ევროპელ მაღალჩინოსნებთან ერთად, ქართული ოპოზიციის ლუსტრაციადაც აღიქვამენ. ამბობენ, რომ საქართველოს, რომლის 20 პროცენტიც რუსეთის მიერ ოკუპირებულია, ევროპელმა ბიუროკრატებმა ახალი კონფლიქტის არიდება ვერ აპატიეს. დღეს კი, მოსკოვთან ურთიერთობების გადატვირთვას დაუფარავად ცდილობენ. კანონმდებლების თქმით, ამ პერიოდში, მთავრობის რეალისტურმა გადაწყვეტილებებმა ქვეყანა გეოპოლიტიკური გამოწვევებისგან იხსნა და მოქალაქეებს ეკონომიკური განვითარების შესაძლებლობა მისცა.
რუსეთის შეიარაღებული ძალები უკრაინაში 2022 წლის თებერვალში შეიჭრნენ. ომიდან 4 წლის თავზე, "პოლიტიკოს" ცნობით, ევროკავშირი სანქციების პარალელურად, რუსეთთან მომლაპარაკებლის დანიშვნასა და ეკონომიკური ურთიერთობების აღდგენაზე ფიქრობს.