13 აგვისტო 2026,   11:59
ვრცლად
ენერგეტიკა, ინვესტიციები, მდგრადი განვითარება და ექსპორტი - რაზე გააკეთა აქცენტი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა აბუ-დაბიში ლიდერთა დიალოგში მონაწილეობისას

ენერგეტიკის სექტორის განვითარებაზე და ამ მიმართულებით საქართველოში არსებულ პოტენციალზე პრემიერ-მინისტრმა აბუ-დაბის მდგრადი განვითარების კვირეულის ფარგლებში ლიდერთა დიალოგში მონაწილეობის დროს ისაუბრა. მთავრობის მეთაურმა განაცხადა, რომ ქვეყანას ენერგეტიკის სექტორის გასავითარებლად გრძელვადიანი გეგმა აქვს. ითქვა ისიც, რომ საქართველოს ხელისუფლების ინტერესია არა მხოლოდ ენერგიის გამომუშავების მაჩვენებლის ზრდა და ამ სექტორში ინვესტიციების მოზიდვა, არამედ ელექტროენერგიის ექსპორტიორი ქვეყნის სტატუსის მიღება და ევროპის ბაზრის მომარაგება.

"შუა დერეფნის მნიშვნელობა და ენერგიის მეშვეობით ევროპისა და აზიის დაკავშირება" - ამ თემატიკის იყო ფორმატი, რომელშიც მთავრობის მეთაურმა მონაწილეობა მიიღო. ირაკლი კობახიძემ ამ მარშრუტში საქართველოს როლზე გაამახვილა ყურადღება. ლიდერთა დიალოგის ფორმატში მან ვრცლად ისაუბრა შუა დერეფნის კონტექსტში საქართველოს სატრანზიტო ფუნქციაზე, მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებსა და იმ გეგმებზე, რომელთა ნაწილი უკვე განხორციელებულია, ნაწილი კი სამომავლოდ არის დაგეგმილი. პრემიერის თქმით, ხელისუფლების ოპტიმისტური პროგნოზით ქვეყანა საშუალოვადიან პერსპექტივაში განვითარების ახალ დონეს მიაღწევს.

ლიდერთა დიალოგის ფარგლებში პრემიერ-მინისტრთან საუბარი კითხვა-პასუხის რეჟიმში გაიმართა. შუა დერეფნის მნიშვნელობისა და ენერგორესურსების სექტორის პოტენციალის გარდა, კითხვები ევროინტეგრაციასთან დაკავშირებითაც დაისვა. პრემიერის განცხადებით, საქართველო ერთ-ერთი უსაფრთხო ქვეყანაა, საშუალო ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი აქვს, ხოლო კორუფციის დონით ევროკავშირის 10 წევრ სახელმწიფოზე უკეთესი შედეგიც ფიქსირდება. შესაბამისად, საქართველოს ხელისუფლება სამართლიანი შეფასების აუცილებლობაზე საუბრობს. ირაკლი კობახიძის განცხადებით, ევროპული ინტეგრაცია პოლიტიკური დღის წესრიგის ნაწილია, ხოლო საქართველოს კონსტიტუცია ამ კურსის გარანტიაა.

აბუ-დაბიში ვიზიტის ფარგლებში ორმხრივი ურთიერთობების განვითარების დინამიკასა და მჭიდრო პოლიტიკურ კავშირებზე ისაუბრეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტმა. შეიხმა მოჰამედ ბინ ზაიედ ალ ნაჰიანმა ირაკლი კობახიძე მიიღო. მხარეებმა სავაჭრო-ეკონომიკურ და საინვესტიციო სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები განიხილეს. ყურადღება გამახვილდა კომპანია "იგლ ჰილსის" ისტორიული მოცულობის ინვესტიციაზე - არაბული კომპანია თბილისსა და გონიოში 6.5 მილიარდი დოლარის ინვესტიციას განახორციელებს. საუბარი შეეხო კიდევ ერთ პროექტს, რომელიც თბილისის მშრალი პორტის განვითარებას გულისხმობს.

ირაკლი კობახიძე დელეგაციის წევრებთან ერთად არაბთა გაერთიანებულ საამიროებში შეხვედრებს უკვე რამდენიმე დღეა მართავს. მთავრობის მეთაური შეხვდა "ემაარ ჯგუფის" დამფუძნებელსაც. მუჰამედ ალაბართან "იგლ ჰილსის" პროექტის დეტალები განიხილეს. შეხვედრები შედგა არაერთ საინვესტიციო კომპანიასთან. აბუ-დაბიში ვიზიტის ფარგლებში ხელი მოეწერა მემორანდუმს, რომელიც უძრავი ქონების სექტორში ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვას ითვალისწინებს.

დღის ამბები