31 პროვინცია, 187 ქალაქი, 606 აქცია და მილიონობით დემონსტრანტი - მე-17 დღეა ირანში ანტისამთავრობო პროტესტი არ წყდება. გამოსვლების ჩახშობას სპეცდანიშნულების რაზმის ქვედანაყოფები ავტომატებს, ხელკეტებს და ცრემლსადენი აირს გამოყენებით ცდილობენ.
შეტაკებებს სულ მცირე 648 ადამიანი ემსხვერპლა. ზოგიერთი წყაროს ცნობით კი, შესაძლოა, მოკლულების რიცხვმა 12 000-სს გადააჭარბა. დაჭრილების რაოდენობის გამო კოლაფსის ზღვარზეა ჯანდაცვის სისტემა. ქვეყნის უმსხვილესი პროზექტურები კი, დემონსტრანტების ცხედრებითაა გადავსებული.
ირანელ დემონსტრანტებს მხარდაჭერას უცხადებს დონალდ ტრამპი. ამერიკის პრეზიდენტმა პროტესტის მონაწილეებს სოციალური ქსელით მიმართა და სამთავრობო შენობების დაკავებისკენ მოუწოდა. მედიის ინფორმაციით, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ემზადება სამხედროებს ისლამური რესპუბლიკის პოზიციებზე დარტყმის ავტორიზაცია მისცეს.
გაფრთხილების მიუხედავად, რომელიც შტატების პრეზიდენტმა ისლამური რესპუბლიკის ხელისუფლებას მისცა. ირანის სასამართლომ ზოგიერთი დემონსტრანტის მიმართ სასიკვდილო განაჩენი გამოაცხადა. გადაწყვეტილების აღსრულება რამდენიმე საათში დაიწყება.
დონალდ ტრამპს მიმართავს ირანის უკანასკნელი შაჰის ვაჟი და ქვეყნის ოპოზიციის ლიდერი. რეზა ფეჰლევი ამბობს, რომ ისლამურ რესპუბლიკასთან მოლაპარაკება შედეგს არ მოიტანს, მოქმედება კი ათასობით ადამიანის სიცოცხლეს გადაარჩენს.
იმ შემთხვევაში თუ შტატები ისლამური რესპუბლიკის ობიექტებს დაბომბავს, ირანის სამიზნე ახლო აღმოსავლეთში ამერიკული სამხედრო ბაზები და ისრაელი გახდება. მუქარა ირანის პარლამენტის სპიკერმა თეირანში პროსამთავრობო მიტინგზე გაახმოვანა.
ვაშინგტონს და თეირანს შორის მიმდინარე ესკალაციის ფონზე დღეს, სახელმწიფო დეპარტამენტმა ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეებს ირანის სასწრაფოდ დატოვებისკენ მოუწოდა.
მედიის შეფასებით, მიმდინარე პროტესტი მასშტაბით ისლამური რესპუბლიკის ისტორიაში უპრეცედენტოა. გამოსვლები მას შემდეგ დაიწყო, რაც წლის ბოლოს ქვეყანაში ინფლაციამ 52%-ს მიაღწია. ვალუტის რეკორდული გაუფასურების ფონზე მოქალაქეები ქვეყნის უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის და მთავრობის გადაყენებას ითხოვენ.
ავტორი: ლუკა ჩლაიძე