მოლდოვის პრეზიდენტი რუმინეთთან შესაძლო გაერთიანებაზე საუბრობს. მაია სანდუ ამბობს, რომ რეფერენდუმის შემთხვევაში, ის გაერთიანებას მხარს დაუჭერდა.
სანდუმ საკუთარი პოზიცია რეგიონში არსებული რთული გეოპოლიტიკური ვითარებით ახსნა და თქვა, რომ დღევანდელ პირობებში მოლდოვისთვის დამოუკიდებლად გადარჩენა სულ უფრო რთული ხდება. მოლდოვა რუმინეთის შემადგენლობაში 1918-1940 წლებში შედიოდა.
"რეფერენდუმის ჩატარების შემთხვევაში მე რუმინეთთან გაერთიანებას მივცემდი ხმას. შეხედეთ, რა ხდება მოლდოვის გარშემო. შეხედეთ, რა ხდება მსოფლიოში. ისეთი პატარა ქვეყნისთვის, როგორიც მოლდოვაა, სულ უფრო და უფრო რთული ხდება, რომ გადარჩეს, როგორც დემოკრატიული, სუვერენული ქვეყანა და, რა თქმა უნდა, რუსეთისთვის წინააღმდეგობის გასაწევად", - განაცხადა სანდუმ.
სანდუს განცხადებას გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე. "როცა პრეზიდენტი საკუთარი ქვეყნის დამოუკიდებლობის წინააღმდეგ აპირებს ხმის მიცემას, იქ ყველაფერი ნათელია. ამ თვალსაზრისით, დიახ, ნამდვილად ჩამოვრჩებით მოლდოვას", - აცხადებს შალვა პაპუაშვილი.