19 ივნისი 2026,   08:42
ვრცლად
რიგით 83-ე "ოქროს გლობუსის" დაჯილდოების ცერემონია - წლის მთავარი კინომოვლენა, ნომინაციები და წითელი ხალიჩა ბევერლი ჰილზში

"ჰამნეტი" - უილიამ შექსპირის პირად ტრაგედიაზე გადაღებული ფილმი, რომელიც წლის მთავარ კინომოვლენად იქცა. კინოსურათში გადმოცემული ამბავი 11 წლის ჰამნეტ შექსპირის გარდაცვალებას ეხება. წარმოშობით ჩინელი რეჟისორის, ქლოი ჟაოს ნამუშევარმა საუკეთესო დრამატული ფილმის კატეგორიაში გაიმარჯვა და "ოქროს გლობუსის" მფლობელი გახდა. ფილმში ქალის მთავარი როლის შესრულებისთვის ჯილდო ირლანდიელ მსახიობს - ჯესი ბაკლის გადაეცა.

წელს, ნომინაციების რაოდენობით, პირველ ადგილს პოლ თომას ანდერსონის ფილმი სახელწოდებით "ბრძოლა ბრძოლის შემდეგ" იკავებდა. ფილმი რევოლუციონერ ბობზე მოგვითხრობს, რომელიც მტრებისგან ქალიშვილის დაცვას ცდილობს. მთავარ როლებს ლეონარდო დიკაპრიო, შონ პენი და ტიანა ტეილორი ასრულებენ. ნამუშევარმა პრემია საუკეთესო რეჟისორისა და სცენარის კატეგორიაში მიიღო.

საღამოს ერთ-ერთი ტრიუმფატორი 16 წლის ოუენ კუპერი გახდა. ის ოქროს გლობუსის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა მსახიობია, რომელმაც პრემია მამაკაცის საუკეთესო მეორეხარისხოვანი როლის შესრულებისთვის მიიღო. კუპერი სერიალ "მოზარდობაში" ჯეიმი მილერის როლს ასრულებს, რომელსაც თანაკლასელის მკვლელობაში ადანაშაულებენ. გასულ წელს, მან, ამავე როლით, "ემის" ჯილდოც მოიპოვა.

განსაკუთრებული ემოციები მოჰყვა სცენიდან ტიმოთი შალამეს სახელის გაჟღერებას. რამდენიმე წარუმატებელი მცდელობის შემდეგ, 30 წლის მსახიობი ოქროს გლობუსის მფლობელი გახდა.

საუკეთესო უცხოენოვანი ფილმის კატეგორიაში გამარჯვება "საიდუმლო აგენტს" ერგო, მთავარი როლის შესრულებისთვის კი ჯილდო ვაგნერ მურამ მოიპოვა.

მიუხედავად იმისა, რომ გამარჯვებას "ზოოტოპია 2"-ს უწინასწარმეტყველებდნენ, საუკეთესო ანიმაციად "დემონებზე მონადირეები" დასახელდა.

2026 წლის "ოქროს გლობუსი" გამორჩეული იმითაც გახდა, რომ წელს პირველად გამოვლინდა "საუკეთესო პოდკასტი", რომლის გამარჯვებული ამერიკელი მსახიობი და კომიკოსი, ემი პოლერია.

ტრადიციულად, მსოფლიო პრესის ყურადღების ცენტრში იყო წითელი ხალიჩა, სადაც სტუმრებმა ცნობილი დიზაინერების მიერ შექმნილი სამოსი წარადგინეს.

"ოქროს გლობუსი" ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ამერიკული კინოპრემიაა, რომელსაც ჰოლივუდის უცხოური პრესის ასოციაცია 1994 წლიდან გადასცემს.

ხშირად, "ოქროს გლობუსს" "ოსკარების" ერთგვარ რეპეტიციასაც უწოდებენ.

 

ავტორი: ნინი ნაცვლიშვილი 

დღის ამბები