გუბაზ სანიკიძის განცხადებებს შორის რამდენიმეწლიანი შუალედია. გუბაზ სანიკიძეს წლების წინ, როცა არაბული ქვეყნების საპარლამენტო დელეგაციას ხელმძღვანელობდა, დღევანდლისგან რადიკალურად განსხვავებული პოზიცია ჰქონდა. "ნაციონალური მოძრაობის" წევრი, დღეს, "იგლ ჰილსის" მასშტაბურ პროექტს აკრიტიკებს.
გარედან მართული დეზინფორმაციული კამპანიის გაგრძელება მასშტაბური ინვესტიციის წინააღმდეგ - ასე აფასებს ოპონენტების განცხადებებს "ქართული ოცნება". სახელისუფლებო გუნდში ამბობენ, რომ ოპოზიცია ქვეყნის ინტერესებს მიზანმიმართულად აზიანებს.
გუბაზ სანიკიძის განცხადებებს არ იმეორებს ლევან სანიკიძე, თუმცა ამტკიცებს, რომ "იგლ ჰილსის" პროექტი გამჭვირვალე არ არის. "ნაციონალურ მოძრაობამდე" მეგაპროექტს აკრიტიკებდა "ალტ ინფო" და "პატრიოტთა ალიანსი". კრიტიკოსთა რიგებში მალევე გამოჩნდა "ლელოც". ხაზარაძე-ჯაფარიძის პარტიაში პროექტის დასრულების შემდეგ, ბინების ფასებზეც აპელირებდნენ, თუმცა ეს დეზინფორმაციული კამპანიაც, "იგლ ჰილსის" მიერ გამოქვეყნებულმა ვიდეორგოლმა კიდევ ერთხელ გამოააშკარავა. 6,5-მილიარდიანი არაბული ინვესტიციის ფარგლებში აშენებულ საცხოვრებელ კომპლექსში, ერთი კვადრატული მეტრის, გარემონტებული აპარტამენტის ღირებულება 2 ათასი დოლარიდან დაიწყება.
მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ დეზინფორმაციის კამპანია ჩავარდნილია, მეგაპროექტი განხორციელდება და ქვეყანაში ჩადებული უპრეცედენტო ინვესტიცია 100-მილიარდიანი ეკონომიკის მქონე საქართველოს, მალე, 11 მილიარდს შემატებს. "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ პროექტის განხორციელების შედეგად, ქვეყანა, თბილისსა და გონიოში - ევროპული ტიპის ორ თანამედროვე ქართულ დასახლებას მიიღებს. მათივე თქმით, "იგლ ჰილსის" შემდეგ, საქართველოთი სხვა მსხვილი ინვესტორებიც დაინტერესდებიან.
6.5 მილიარდი დოლარის ინვესტიცია, 24 000 სამუშაო ადგილი და მუდმივად დასაქმებული 8 000 ადამიანი - მასშტაბური პროექტის განხორციელება თბილისსა და გონიოში უახლოეს პერიოდში დაიწყება. პროექტის დასრულების შემდეგ, 33-პროცენტიანი წილის მფლობელი, ყოველგვარი ვალდებულების გარეშე, საქართველო იქნება, ქვეყნის ბიუჯეტი კი ყოველწლიურად 700 მილიონი ლარით შეივსება.