დაპირისპირება "ნაციონალურ მოძრაობაში" - პარტიაში ლიდერებს შორის უთანხმოებაა თავმჯდომარის კანდიდატურასთან დაკავშირებით. არსებული ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილი, თავმჯდომარის პოსტზე თინა ბოკუჩავას ნაცვლად, ლევან სანიკიძეს განიხილავს და ამ თემაზე კონსულტაციებს გადის.
პარტიის წევრები მედიასთან ადასტურებენ, რომ პარტიაში პრობლემებია.
"ერთი, რაც შემიძლია ვთქვა ლევან სანიკიძეზე, არის ის, რომ ჩემი 13 წლიანი პოლიტიკური საქმიანობის მანძილზე ალბათ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და საამაყო გადაწყვეტილება რაც მივიღე, იყოს ის, რომ ის დაინიშნა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის მოადგილედ. მე დარწმუნებული ვარ, რომ მას ექნება ძალიან დიდი მომავალი ქართულ პოლიტიკაში მისი ღირსეული გადაწყვეტილებებით", - აცხადებს "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე თინათინ ბოკუჩავა.
"ნაციონალურ მოძრაობაში" ასევე საუბრობენ პარტიის გარშემო არსებულ ჭორებზე და ზოგადად ოპოზიციურ სპექტრში არსებულ პრობლემებზე ამახვილებენ ყურადღებას.
"ძალიან ბევრი ჭორი მოგვისმენია "ნაციონალურ მოძრაობასთან" დაკავშირებით, რაც არ შეესაბამება სიმართლეს. ჭორები არის ის, რომ რაღაც დაპირისპირებაა პარტიაში და ვინმე ვინმეს ებრძვის ან ვინმე ვინმეს წინააღმდეგია და ა.შ. რაც შეეხება მდგომარეობას ზოგადად ოპოზიციურ სპექტრში, გასაგებია, ყველამ ვიცით, რომ მიმდინარეობს დიდი ზეწოლა ყველა პოლიტიკურ ძალაზე, მარტო "ნაციონალურ მოძრაობაზე" არ არის საუბარი. არის მათ შორის რაღაც ტექნიკური პრობლემები და როდესაც ტექნიკური პრობლემები გაქვს პოლიტიკურ პრობლემებზეც რაღაც დონეზე ისახება", - აცხადებს პარტია "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივნის მოადგილე ირაკლი ფავლენიშვილი.