18 ივნისი 2026,   22:39
ვრცლად
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი განმარტავს, რატომ მიიღო ტრამპის ადმინისტრაციამ 66 საერთაშორისო ორგანიზაციის დატოვების გადაწყვეტილება - შეფასებები კეთდება საქართველოში

აშშ 66 საერთაშორისო ორგანიზაციას ტოვებს. ტრამპის ადმინისტრაციის გადაწყვეტილების მოტივი, მარკო რუბიომ განმარტა. სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ კომენტარში, რუბიო ორგანიზაციების არაკომპეტენტურობის, დუბლირებული ფუნქციების, დაუსაბუთებელი ხარჯებისა და შტატების სუვერენიტეტის წინააღმდეგ მიმართული ქმედებების შესახებ საუბრობს, რაც შტატების მთავრობის აზრით, მათი ფედერალური ბიუჯეტიდან არ უნდა ფინანსდებოდეს. ორგანიზაციების ვრცელ სიაში, რომელთა წევრიც შტატები აღარ იქნება, ერთ-ერთი ვენეციის კომისიაცაა. სახელმწიფო მდივანი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ საერთაშორისო ინსტიტუციები, უმრავლეს შემთხვევაში, პოლიტიკურ იარაღადაა ქცეული, რაც შტატების ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებთან წინააღმდეგობაში მოდის.

ტრამპის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებას ლოგიკურად მიიჩნევენ საქართველოში. მმართველი გუნდი საერთაშორისო ორგანიზაციების დიდი ნაწილის ქმედებების მიღმა, სწორედ მიკერძოებულ პოლიტიკურ ინტერესებს ხედავს. მათ შორის არის ვენეციის კომისიაც, რომელიც, კანონმდებლების თქმით, საქართველოს წინააღმდეგ პოლიტიკური ანგარიშსწორების იარაღად არაერთხელ იქნა გამოყენებული.

საერთაშორისო ორგანიზაციების ეფექტიანობის მიმართ განსხვავებულია ქართული ოპოზიციის აზრი. ხელისუფლების ოპონენტები მიიჩნევენ, ორგანიზაციების მიმართ ტრამპის ადმინისტრაციის დამოკიდებულება კონკრეტულ შიდა დაპირისპირებას უკავშირდება.

ქართულ ოპოზიციას და საერთაშორისო ორგანიზაციებს, რომელსაც აშშ ტოვებს, საერთო ლობისტური ქოლგის ქვეშ განიხილავენ საპარლამენტო უმრავლესობაში. ამბობენ, რომ საერთაშორისო დონორების მიერ დასპონსორებული ადგილობრივი ორგანიზაციები და პოლიტიკური ჯგუფები წლებია ქვეყანაში დესტრუქციული პროცესების წახალისებას ცდილობენ.

66 საერთაშორისო ორგანიზაციიდან შტატების გასვლას ხელი ამერიკის პრეზიდენტმა რამდენიმე დღის წინ უკვე მოაწერა.

დღის ამბები