პოლიტიკურ დღის წესრიგზე დაფუძნებული ევროინტეგრაცია, სადაც არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ქვეყნის რეალურ პროგრესს - ასე აფასებენ თბილისში უკრაინასა და მოლდოვასთან დაკავშირებით ევროკავშირის მაღალჩინოსნების განცხადებებს. კვიპროსში ანტონიო კოშტა და ურსულა ფონ დერ ლაიენი სანდუსა და ზელენსკის შეხვდნენ. პრესკონფერენციაზე კი თქვეს, რომ ეს ორი ქვეყანა ევროკავშირში გაწევრების გზაზე დიდი პროგრესს აღწევს.
"ქართულ ოცნებაში" ორმაგ სტანდარტზე და უსამართლო დამოკიდებულებაზე საუბრობენ. იხსენებენ საერთაშორისო რეიტინგებში საქართველოს პროგრესს და მაჩვენებლებს, რომლითაც ქვეყანა უკრაინასა და მოლდოვას ყველა მონაცემით უსწრებს.
"ისინი წინ არიან ბრიუსელის ბიუროკრატიასთან ჩახუტებაში, ამაში ვერ ვჯობნით. ეხუტებიან, რომ ასრულებენ ყველა იმ დავალებას, რომელსაც არარჩეული ბიუროკრატები აძლევენ. მედიას რაც შეეხება, უკრაინაში ტოტალური კონტროლია მედიის და საომარი მდგომარეობიდან გამომდინარე არის კონტროლირებადი. მოლდოვაშიც მსგავსი მდგომარეობაა, მედიას, რომელიც კრიტიკულად არის განწყობილი ხელისუფლებისადმი, აქვს პრობლემები. კორუფციაზე აღარ ვსაუბრობ. როცა ყველა ევროპელი ბიუროკრატი, რომელიც ამბობს, რომ საქართველო ჩამორჩება უკრაინას და მოლდოვას, დასცინის ქართველ ხალხს," - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა.