დედაქალაქის ქუჩები, მგალობელთა გუნდი და საერთო საშობაო ზეიმი, რომელიც ეკლესიის კედლებიდან გარეთ ინაცვლებს - მრავალწლიანი ტრადიცია არც წელს ირღვევა.
ალილოს მთავარი მოქმედი გმირები დღეს პატარები არიან - მსვლელობის სათავეში უდგებიან და, როგორც ქრისტესშობის მახარობლები, ბრწყინვალე დღესასწაულს ზეიმობენ.
ალილოს მსვლელობა რესპუბლიკის მოედნიდან დაიწყო. კოსტიუმებს და სამოსსაც თავისი დატვირთვა აქვს. თეთრ სტიქარში გამოწყობილი უმცროსი ასაკის წარმადგენლები ანგელოზებს განასახიერებენ, მათ უკან კი მეცხვარეები და მგალობელთა გუნდი მიყვება.
სასულიერო პირები, მრევლი და რიგითი ადამიანები მსვლელობას უერთდებიან. ყველა ერთად, ტკბილეულს, პროდუქტს, სანოვაგეს ერთი მიზნით - სხვების დასახმარებლად აგროვებს.
რესპუბლიკის მოედანზე ალილოს მონაწილეებს შეუერთდნენ პარლამენტის თავმჯდომარე და დეპუტატები. ქრისტესშობის მახარობლებს დღესასწაული მიულოცა და სანოვაგე მიუტანა პირველმა ლედიმ.
ალილო დედაქალაქის მთავარ გამზირზე ქუჩების კურთხევით გაგრძელდა. მსვლელობის მონაწილეები გაჩერდნენ საპატრიარქოსთანაც, სადაც მათ ილია მეორემ უმასპინძლა.
დედაქალაქის პარალელურად, ალილო გაიმართა რეგიონებშიც. ბათუმში, მსვლელობის მონაწილეები ღვთისმშობლის შობის საკათედრო ტაძართან შეიკრიბნენ. სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის მსვლელობის მონაწილეებმა შემოწირულობა შეაგროვეს სამეგრელოში, ფოთში, გორსა და კახეთში.