ერთ წლიანი პაუზის შემდეგ, დონალდ ტრამპმა გრენლანდია კვლავ ახსენა. შტატების პრეზიდენტი ღიად ამბობს, რომ ახალი ადმინისტრაცია დანიის გავლენის ქვეშ მყოფი კუნძულის შტატებისთვის შემოერთებას გეგმავს, რადგან ეს ვაშინგტონს საკუთარი უსაფრთხოების განსამტკიცებლად და გავლენის გასაფართოებლად ესაჭიროება.
თეთრი სახლის ლიდერს უკვე უპასუხა დანიის პრემიერ-მინისტრმა. მეტე ფრედერიკსენი დონალდ ტრამპის განცხადებებით აღშფოთებულია და შტატებს საერთაშორისო სამართლის დაცვისკენ მოუწოდებს.
შტატები დანიის წინააღმდეგობის მიღმა მის კოლონიალისტურ დამოკიდებულებას ხედავს. თეთრი სახლის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ღიად აცხადებს, რომ ვაშინგტონი გაცხადებული პოზიციის ფაქტობრივ რეალიზებას ძალიან მალე დაიწყებს.
გრენლანდიის გარშემო ბოლო დღეების განმავლობაში განვითარებულ მოვლენებს ისლანდიელი მომღერალი ბიორკი ეხმიანება და სასტიკი მოპყრობის იმ ფაქტებს იხსენებს, რაც გრენლანდიელებმა დანიელების მხრიდან საუკუნეების განმავლობაში განიცადეს. სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ვრცელ წერილში ნათქვამია, რომ დანიელები გრენლანდიელებს დღესაც მეორეხარისხოვანი ადამიანებივით ექცევიან, ხოლო იმის წარმოდგენა, რომ გრენლანდია ერთი სასტიკი კოლონიზატორიდან მეორე კოლონიზატორის, ანუ შეერთებული შტატების ხელში აღმოჩნდება, აუტანელია. სწორედ ამიტომ, ახლა ბიორკი გრენლანდიელებს მოუწოდებს, დამოუკიდებლობისთვის იბრძოლონ.
გამოცემა Politico-ს ინფორმაციით, შეერთებული შტატები გრენლანდიაზე კონტროლს უახლოეს თვეებში დაამყარებს. სტატიის თანახმად, ეს არა სამხედრო გზით, არამედ პოლიტიკური წნეხის ან ადგილობრივ პოლიტიკოსებთან თანამშრომლობის ხარჯზე მოხდება. დასახელდა სავარაუდო თარიღიც, გამოცემის ინფორმაციით, ეს, შესაძლოა, ამერიკის შეერთებული შტატების დამოუკიდებლობის 250 წლის აღნიშვნამდე, ანუ 4 ივლისამდე მოხდეს.