ოპოზიციის დეზინფორმაციული კამპანია, მმართველი გუნდისთვის, Eagle Hills-ის მიერ გამოქვეყნებულმა ვიდეო რგოლმა კიდევ ერთხელ გამოააშკარავა. 6 ნახევარ-მილიარდიანი არაბული ინვესტიციის ფარგლებში აშენებულ საცხოვრებელ კომპლექსში, ერთი კვადრატული მეტრის და თან გარემონტებული აპარტამენტის ღირებულება 2 000 დოლარიდან დაიწყება. "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ ეს ფასი, უცხო არც ქართველი მყიდველებისთვის და არც ქვეყანაში მოქმედი დეველოპერული კომპანიებისთვის არის, რადგან საქართველოს მოქალაქეები ბინებში ანალოგიურ თანხას უკვე დიდი ხანია იხდიან.
მეგა პროექტის საწინააღმდეგო კამპანიაში ჩართული ოპოზიციის ნაწილი დღეს უარყოფის, მეორე ნაწილი კი დუმილის რეჟიმშია. ხაზარაძე-ჯაფარიძის "ლელომ," რომელმაც საქართველოს ისტორიაში ყველაზე დიდ უცხოურ კაპიტალ დაბანდებაზე პირველი იერიში მიიტანა, ამჯერად მათემატიკურ გამოთვლებს თავი აარიდა. სხვა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს კი თავის მართლება მოუწიათ.
არქივი კი მრავლად ინახავს ოპოზიციონერი პოლიტიკოსებისა და მათთან დაკავშირებული ექსპერტების განცხადებებს, სადაც მათ შორის "ძლიერი საქართველო," ალტ-ინფო და ევრო ოპტიმისტები ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ ამტკიცებდნენ და წერდნენ, რომ გონიოსა და თბილისში აპარტამენტების ღირებულება 5-დან 12 000-ს დოლარამდე იქნებოდა. საქართველოს მოქალაქე კი ბინას ვერ შეიძენდა.
ოპონენტების სწორედ ამ განცხადებებს მიიჩნევს, "ქართული ოცნება" უპრეცედენტო მასშტაბის საინვესტიციო პროექტის დისკრედიტაციის მცდელობად. მმართველ პარტიაში ამბობენ, რომ თბილისსა და გონიოში დაგეგმილი მშენებლობა, რომელიც ქართულ ეკონომიკას 11 მილიარდი ლარით გაამდიდრებს, ბიუჯეტში კი ყოველწლიურად 700 მილიონ ლარს შეიტანს, საქართველოს მოქალაქეებზეა გათვლილი, რომლებიც არა მხოლოდ ბინის შეძენას, არამედ ადგილზე დასაქმებასაც შეძლებენ.
6-ნახევარი მილიარდი დოლარის ინვესტიცია საქართველოს ეკონომიკასთან ერთად, ქვეყნის ტურისტულ, საინვესტიციო და ინფრასტრუქტურულ პოტენციალს გაზრდის. ბინების, სასტუმროების, სავაჭრო ცენტრების და რეკრეაციული სივრცეების მშენებლობა თბილისსა და გონიოში უახლოეს პერიოდში დაიწყება. შეიქმნება 24 000 სამუშაო ადგილი, პროექტის დასრულების შემდეგ კი ქვეყანას დამატებით 8 000 მუდმივად დასაქმებული ეყოლება. სახელმწიფო პროექტის 33-პროცენტიანი წილის მფლობელია, თან ისე, რომ ინვესტორის მიმართ არანაირი ვალდებულება არ აქვს.