მმართველი გუნდი "TV პირველს" მამუკა მდინარაძის წარსულში გაკეთებული განცხადების მიზანმიმართულ გაყალბებაში ადანაშაულებს. საუბარია 2024 წლის 30 ოქტომბერს ვენესუელას პრეზიდენტის განცხადების შეფასებაზე, რომელიც ტელეკომპანიის მიერ გავრცელებულ ქარდზე კონტექსტის დამახინჯებით არის გამოტანილი. მედია მანიპულაციური ტექსტით ცდილობს, მდინარაძე მადუროს მხარდამჭერად წარმოაჩინოს. რეალურად კი, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკის პოტენციურ წარმატებაზე საუბრობდა, რაც საქართველოს ეროვნულ ინტერესებში შედის.
არაღიარების პოლიტიკის სტრატეგიულ მნიშვნელობაზე საუბრობენ მმართველი გუნდის წევრები. ამბობენ, რომ მადუროს 14 თვის წინანდელი განცხადება, მმართველი გუნდის ერთ-ერთმა ლიდერმა, სწორედ ვენესუელას მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ცნობისთვის ინსტრუმენტად გამოიყენა. თუმცა, დღეს ციტატის გაყალბებითა და დამახინჯებით, "ნაციონალური მოძრაობა" და მასთან აფილირებული მედია სახელმწიფო ინტერესების დაზიანებას ცდილობს.
რატომ გავრცელდა მდინარაძის განცხადება მანიპულაციური ფორმით - ამ კითხვაზე ოპოზიციაში პასუხი არ აქვთ. თუმცა, ამბობენ, რომ არაღიარების პოლიტიკას მხოლოდ ის ხელისუფლება აწარმოებდა, რომლის დროსაც ქვეყანამ ტერიტორიები დაკარგა.
ოპოზიციას და მედიის ნაწილს კოორდინირებულ მოქმედებაში ადანაშაულებენ სახელისუფლებო გუნდში. კანონმდებლების თქმით, ხელისუფლების გაცხადებულ მიზანს არაღიარების პოლიტიკის გაძლიერება წარმოადგენს. მათ შორის, საუბარია ვენესუელაზეც, რომლის მხრიდან აღიარების უკან წაღების აუცილებლობაზე საუბრობდა მამუკა მდინარაძეც. პოლიტიკოსების აზრით, ოპონენტების მხრიდან მსგავსი თემებით მანიპულირება მათი მორიგი ლუსტრირებაა.
ოკუპირებული რეგიონების დამოუკიდებლობა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ, რუსეთმა, ვენესუელამ, ნიკარაგუამ, ნაურუმ და სირიამ აღიარეს. წლებია საქართველოს ხელისუფლება, საერთაშორისო ასპარეზზე სიის შემცირებისა და არაღიარების პოლიტიკის გაძლიერებისთვის იბრძვის.