13 აგვისტო 2026,   11:27
ვრცლად
აშშ-ის პრაგმატულ ინტერესს არ უკავშირდება არასამთავრობო ორგანიზაციების მეშვეობით ქვეყნების მართვის პოლიტიკა - გია ვოლსკი

თბილისში პოლიტიკური შეფასებების თემაა ილონ მასკის განცხადება, რომელიც მწვავე აკრიტიკებს USAID-ის საქმიანობას და იზიარებს მოსაზრებას, რომ ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტო ერთდროულად აფინანსებდა როგორც საარჩევნო შედეგების გაყალბებისთვის განკუთვნილ ტექნოლოგიებს, ასევე ვუჰანის ლაბორატორიაში ჩატარებულ კვლევებს, ანუ იარაღად ქცეული ვირუსის შექმნასა და გავრცელებას.

სოციალურ ქსელ X-ზე, მასკმა გააზიარა ინფორმაცია, რომლის ავტორიც სვამს კითხვას, დამთხვევა იყო, თუ არა, რომ "კოვიდი" ზუსტად 2020 წლის არჩევნების პერიოდში გაჩნდა? განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ იგივე მემარცხენე მილიარდერებმა, არასამთავრობო ორგანიზაციებმა და USAID-მა დააფინანსეს ფერადი რევოლუციების მცდელობები მთელს ამერიკაში.

მასკის განცხადება გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე. გია ვოლსკის განცხადებით, ბრიუსელისგან განსხვავებით, ამერიკის შეერთებულ შტატებს არასამთავრობო ორგანიზაციების მეშვეობით ქვეყნების მართვის პოლიტიკა, ქაოსი და დესტაბილიზაცია არ აინტერესებს.

"ფაქტია, ამერიკის შეერთებული შტატების პრაგმატულ ინტერესს არ უკავშირდება არასამთავრობო ორგანიზაციების მეშვეობით ქვეყნების მართვის პოლიტიკა, რასაც ადგილი ჰქონდა. არანაირად არ არიან დაინტერესებულნი ქაოსით და დესტაბილიზაციით, თუნდაც საქართველოში.

მასკის განცხადებას, ემოციურის გარდა, თან ახლავს წმინდა პრაგმატული შინაარსი, რასაც უნდა დაუფიქრდეს ყველა, რა ხდება საქართველოში და არის თუ არა არასამთავრობო ორგანიზაციები ის სტრუქტურები, რომლებიც ქვეყნის ინტერესებზე ზრუნავენ, თუ არის ე.წ. მე-5 კოლონა, რომელიც გარედან მიღებულ დავალებებს ასრულებენ, რათა ქვეყანაში პოლიტიკური ვითარება შეიცვალოს და ყველაფერი წავიდეს იმ ნგრევის პროცესისკენ, რომელიც დღეს აინტერესებს, თუნდაც, ბრიუსელს", - განაცხადა გია ვოლსკიმ.

დღის ამბები