კიდევ ერთი დასტური, რომ არაბული ინვესტიციის წინააღმდეგ კამპანია სიცრუეზე არის აგებული - საპარლამენტო უმრავლესობის წევრები "იგლ-ჰილსის" პროექტზე საუბრობენ.
კომპანიამ გამოაქვეყნა ინფორმაცია ფასებზე, რომლის მიხედვითაც, საცხოვრებელ კომპლექსში ერთი კვადრატული მეტრის ღირებულება 2 ათასი დოლარიდან დაიწყება. ღირებულება ითვალისწინებს აპარტამენტის რემონტსაც.
უმრავლესობაში იხსენებენ ოპოზიციის ცრუ კამპანიას და განცხადებებს, რომ კვადრატულის ფასი 10 ათას დოლარამდე იქნებოდა. მათი თქმით, დეზინფორმაციის მიზანი ქვეყნის ინტერესების დაზიანება იყო.
"რა თქმა უნდა, ასეთი დიდი ინვესტიცია საქართველოში ეკონომიკას წინ წაწევს. ეკონომიკა, რომ წინ წავა, ბუნებრივია, ქვეყანა სუვერენიტეტს უფრო კარგად დაიცავს. ეს, რა თქმა უნდა, "ნაცმოძრაობას" არ უნდა. არ უნდა "ნაცმოძრაობის" პატრონებს უცხოეთში. ამიტომაც არის, რომ ასეთი დიდი ინვესტიციის ჩამდები ორგანიზაციის "იგლ ჰილსის" მიმართ აქვთ ასეთი ნეგატიური დამოკიდებულება. სხვადასხვა ცრუ ინფორმაცია, მათ შორის, ფასებთან დაკავშირებით, თითქოს ისეთი ფასები იქნება, რომ საქართველოს მოქალაქე ამას ვერ შეიძენს... ყველამ დაინახა, რომ ეს ასე არ არის, უკვე ფასებიც გამოქვეყნდა. აბსოლუტურად საშუალო ფასია, რაც ზოგადად არსებობს სამშენებლო ბიზნესში საქართველოში. რაც ყველაზე მთავარია, ის პროვოკაციული განცხადებები, რასაც ისინი ავრცელებდნენ, აბსოლუტურად უსაფუძვლო აღმოჩნდა და აღმოჩნდება ყოველთვის. გამომდინარე აქედან, ბუნებრივია, რომ ასეთი დეზინფორმაციული კამპანია ყოველთვის დამარცხდება, რადგან დღეს, საქართველოში საზოგადოება ძალიან კარგად აზროვნებს და ძალიან კარგად არჩევს ვინ რა განცხადებას აკეთებს საქართველოს სასარგებლოდ თუ საქართველოს საწინააღმდეგოდ", - განაცხადა საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”ხალხის ძალის” თავმჯდომარის მოადგილე გურამ მაჭარაშვილმა.