13 აგვისტო 2026,   08:47
ვრცლად
ურთულესი მისია და ერის სულიერი წინამძღვრის გზა, რომელიც კალენდარზე თითქმის ნახევარ საუკუნეს ითვლის - ილია მეორეს 93 წელი შეუსრულდა

საქართველოს უახლოეს ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე რთულ დროს ნაკისრი, ურთულესი მისია და ილია მეორის, როგორც ერის სულიერი წინამძღოლის გზა, რომელიც კალენდარზე თითქმის ნახევარ საუკუნეს ითვლის.

ყველაფერი წლების წინ ასე დაიწყო - სასულიერო სემინარიის მეორე კურსის სტუდენტი ბერად აღიკვეცა. მას ილია ეწოდა. სხვადასხვა პერიოდში, მსახურობდა სიონის, წმინდა სერგის ლავრასა და ბათუმის საკათედრო ტაძარში.

1963 წელს მცხეთის სასულიერო სემინარიას ჩაუდგა სათავეში, მალევე აკურთხეს ცხუმ აფხაზეთის ეპისკოპოსად. ასე გაიარა 20 წელმა პატრიარქობამდე.

1977 წელს, სიონის საკათედრო ტაძარში საქართველოს მეთორმეტე საეკლესიო კრება შეიკრიბა. 45 წევრიდან უმრავლესობამ მხარი ილია მეორეს დაუჭირა. ილია შიოლაშვილი პატრიარქის ტახტზე 43 წლის ასაკში ავიდა.

ილია მეორეს აღსაყდრებიდან მალევე ქართულმა ეკლესიამ ავტოკეფალია დაიბრუნა.

როდესაც საპატრიარქო ტახტი ილია მეორემ დაიკავა, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია მძიმე მდგომარეობაში იყო - ირიბად თუ პირდაპირ მიმდინარებდა ზეწოლა ეკლესიაზე, დევნიდნენ სასულიერო პირებს. მიზანი თავიდანვე დაისახა - "ჩემი მოსვლისთანავე, პირველი მიზანი, რომელიც დავისახე, ეს იყო ერის გამთლიანება".

პირველივე დღიდან დაიწყო მუშაობა მიზნის მისაღწევად. ჩავიდა საქართველოს ყველა კუთხეში. მაშინ საქართველოში მხოლოდ 15 ეპარქია და 50-მდე მოქმედი ეკლესია იყო. დღეისთვის კი ქვეყანას 46 ეპარქია და დაახლოებით 2 ათასი მოქმედი ეკლესია და მონასტერი აქვს.

სამების საკათედრო ტაძრის მშენებლობის იდეაც პატრიარქს ეკუთვნის, რომელიც ჯერ კიდევ 1989 წელს გაჩნდა. დღეს სწორად ამ ტაძარში მრევლმა პატრიარქის 93 წლის იუბილე იზეიმა.

ილია მეორეს დაბადების დღე მიულოცეს პრეზიდენტმა, პრემიერმა, პარლამენტის თავმჯდომარემ და დედაქალაქის მერმა.
  
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს იუბილე მიულოცეს ბიძინა და ეკატერინე ივანიშვილებმა. მისალოც წერილში საუბარია ილია მეორის ღვაწლსა და განსაკუთრებულ როლზე საზოგადოების ერთიანობასა და სიმტკიცეში.

ილია მეორის აღსაყდრების შემდეგ გაიზარდა ეპარქიების, სასულიერო პირების და მრევლის რაოდენობა. აღდგა ქართული საეკლესიო გალობა. პატრიარქი თავადაც არაერთი საგალობლის ავტორია. ილია მეორემ დაამკვიდრა ჩვილთა საყოველთაო ნათლობის ტრადიცია და დღეს მას 50 ათასამდე ნათლული ჰყავს. დღეს სრულიად საქართველო ილია მეორეს 93 წლის იუბილეს აღნიშნავს.

დღის ამბები