ყველაზე ხშირად დასმული კითხვა - რა არის AI ? ეს არის ტექნოლოგია, რომელიც კომპიუტერებს ეხმარება იფიქრონ, ისწავლონ და მიიღონ გადაწყვეტილებები ისე, როგორც ადამიანები. თუ წლების წინ ეს ყველაფერი წარმოუდგენელი იყო, დღეს ხელოვნური ინტელექტის გამოყენება ადამიანის ყოველდღიურ რეალობად იქცა. ამ რეალობის შემქმნელები კი ტექნოლოგიურ ისტორიას არა კალმით, არამედ ალგორითმებით წერენ.
წლების წინ ალბათ ვერავინ იფიქრებდა, რომ ყველა შეკითხვას რამდენიმე წამში ხელოვნური ინტელექტი გასცემდა პასუხს და ასე - ტელეფონებიდან თუ კომპიუტერებიდან მოსაუბრე მომავლის ხმა - ჩვენი საუკეთესო მეგობარი, მრჩეველი, გიდი, თარჯიმანი თუ უბრალოდ კარგი მსმენელი გახდებოდა.
ჩვენ მას ვეკითხებით მაშინ, როცა გვეჩქარება; მაშინ, როცა გადაწყვეტილების მიღება გვიჭირს; მაშინ, როცა სწორი მიმართულება გვჭირდება; და მაშინაც, როცა უბრალოდ საუბარი გვინდა. სწორედ ამ მარტივი ყოველდღიური კითხვების უკან დგას ტექნოლოგია, რომელიც ჯერ კიდევ 4 წლის წინ მომავლის თემად ითვლებოდა, დღეს კი უკვე რეალობაა.
ამ ახალი რეალობის შემქმნელები TIME-მა წლის ადამიანებად დაასახელა. არა ერთი სახე, არამედ მრავალი გონება - მოაზროვნე მანქანების ეპოქისა და ხელოვნური ინტელექტის არქიტექტორები.
Mark Zuckerberg, Elon Musk, Sam Altman, Lisa Su, Demis Hassabis, Dario Amodei, Jensen Huang და ხელოვნური ინტელექტის ერთ-ერთი მთავარი ფიგურა Fei-Fei Li - ამ ჩამონათვალიდან რამდენიმე სახელი მსოფლიომ უკვე კარგად იცის.
ადამიანი, რომელიც მუდმივად გრძნობს მომავალს და ამიტომ მას ხშირად მომავლის ადამიანსაც უწოდებენ, არის Elon Musk. ის xAI-ის დამფუძნებელია - კომპანიის, რომელიც ხელოვნური ინტელექტის განვითარებაზე მუშაობს და ამისთვის თვეში დაახლოებით 1 მილიარდ დოლარს ხარჯავს. მისი მიზანია ისეთი AI-ის შექმნა, რომელიც არა მხოლოდ კითხვებზე პასუხობს, არამედ აზროვნებს.
ამერიკული ტექნოლოგიური გიგანტის, Meta-ს აღმასრულებელი დირექტორი Mark Zuckerberg ერთ-ერთია იმ არქიტექტორებს შორის, ვინც TIME-ის გარეკანზე მოხვდა. ცუკერბერგი გუნდთან ერთად ქმნის ალგორითმებს, რომლებიც ავტომატურად ამუშავებენ ინფორმაციას და ვირტუალურ რეალობას რეალობად აქცევენ. ასობით მილიონი დოლარის ინვესტიციით ის ცდილობს, რომ ხელოვნურმა ინტელექტმა ადამიანის ემოციების აღქმა და სოციალური ურთიერთობების გააზრება შეძლოს.
სახე შესაძლოა ბევრს ეცნოს, მაგრამ ბევრმა შესაძლოა არც იცოდეს, რომ Sam Altman არის ChatGPT-ის შემქმნელი. სისტემა, რომელიც თავდაპირველად მხოლოდ კითხვებს პასუხობდა, დღეს კი ადამიანებს გადაწყვეტილებების მიღებაში ეხმარება. თუ ერთხელ მაინც არ დაგისვამთ ChatGPT-ისთვის შეკითხვა, ესე იგი ხელოვნური ინტელექტით ცხოვრების გამარტივება არ გიცდიათ.
როცა ადამიანები ხელოვნურ ინტელექტზე ფიქრობენ, ხშირად წარმოუდგენიათ ალგორითმები, ეკრანები და მონაცემები, თუმცა იშვიათად - ადამიანები, რომლებიც ამ ყველაფერს ქმნიან.
Lisa Su ტექნოლოგიურ სამყაროში ერთ-ერთი მთავარი ფიგურაა - ქალი, რომელმაც ხელოვნური ინტელექტისთვის აუცილებელი ჩიპები და პროცესორები შექმნა. ამ ტექნოლოგიის გარეშე AI უბრალოდ ვერ იმუშავებდა.
და როცა საქმე ჩიპებს ეხება, სცენაზე გამოდის Jensen Huang - ადამიანი, რომელმაც ყველაფერი კომპიუტერული თამაშებისთვის შექმნილი პროცესორებით დაიწყო, თუმცა დღეს მისი კომპანია მსოფლიოს წამყვან AI სისტემებს ამარაგებს.
Demis Hassabis-მა დაამტკიცა, რომ ხელოვნურ ინტელექტს შეუძლია არა მხოლოდ კითხვებზე პასუხის გაცემა, არამედ მეცნიერებისა და მედიცინის შეცვლა. მის მიერ შექმნილმა სისტემამ შესაძლებელი გახადა ცილების სტრუქტურის წინასწარი განსაზღვრა, რისთვისაც მან Nobel Prize ქიმიის დარგში მიიღო.
ტექნოლოგიურ ისტორიაში სამუდამოდ დარჩება 2016 წელი, როდესაც Demis Hassabis-ისა და მისი გუნდის მიერ შექმნილმა ხელოვნურმა ინტელექტმა სტრატეგიულ სამაგიდო თამაშ Go-ში მსოფლიო ჩემპიონი დაამარცხა.
ჩინეთიდან ამერიკაში, ამერიკული ოცნების ასასრულებლად ჩავიდა Fei-Fei Li. მძიმე ბავშვობა, გაჭირვება და მრავალი დაბრკოლება გადალახა და საბოლოოდ კომპიუტერულ ხედვაში (Computer Vision) რევოლუცია მოახდინა. მან შექმნა მონაცემთა ბაზა, რომელმაც კომპიუტერს „დანახვა“ ასწავლა — რაც დღეს სახეების ამოცნობასა და თვითმართვად მანქანებს შესაძლებელს ხდის.
როცა საქმე ხელოვნურ ინტელექტს ეხება, შესაძლებლობები უსაზღვროა. თუმცა რაც უფრო ჭკვიანია მანქანა, მით უფრო მნიშვნელოვანია მისი კონტროლი. ერთი შეცდომაც კი შეიძლება ადამიანისთვის საბედისწერო აღმოჩნდეს. სწორედ ამიტომ AI-ის უსაფრთხოებაზე ზრუნავს Dario Amodei — ადამიანი, რომელიც მუდმივად უსვამს ხაზს, რომ ნებისმიერ სისტემას მართვა სჭირდება.
როცა ახალი ისტორია იწერება, TIME ირჩევს მათ, ვისაც ხელში კალამი უჭირავს. წლების წინ თუ ამ ადამიანების სახელები მხოლოდ ტექნოლოგიურ წრეებში ისმოდა, დღეს სწორედ მათზეა დამოკიდებული, როგორ სამყაროში ვიცხოვრებთ მომავალში.
ავტორი: ნანა გოგატაძე.