02 აგვისტო 2026,   17:56
ვრცლად
საახალწლოდ მორთული ზღვისპირა ქალაქის განსაკუთრებული ახალი წელი - იქ, სადაც დათოვლილი მთა და ზღვა ერთმანეთს ხვდება

იქ, სადაც დათოვლილი მთა და ზღვა ერთმანეთს ხვდება - განსაკუთრებულია ახალი წელი ზღვისპირა რეგიონში. ბათუმის ბულვარში სხვადასხვა სახის აქტივობები ყველა ასაკისა და გემოვნების ადამიანზეა მორგებული, თუმცა, არავის გაგვიკვირდება, თუ ვიტყვით, რომ ამ ჯადოსნურ ღამეს ყველაზე მეტად პატარები ელოდებიან. 

ზღვისპირა ქალაქის განათებულ ქუჩებში ახალი წელი განსაკუთრებულია. ადგილობრივებსა და ბათუმის ათასობით სტუმრისთვის ღიაა გასართობი ობიექტები, კაფე-ბარები, თეატრი, კლუბები, ატრაქციონები. ქალაქის ქუჩებსა და ცენტრალურ მოედანზე მორთულ ნაძვის ხესთან ბავშვების სიმრავლეა.

ბავშვური სიხარული და საჩუქრების მოლოდინი მაინც ერთ სივრცეში იყრის თავს: ბავშვთა გასართობი ცენტრი. ახალი წლის დღეებში, მათთან შესახვედრად სანტა კლაუსი ემზადება.

ბათუმელი თოვლის ბაბუა პროფესიით რეჟისორია. რევაზ ბაინაზიშვილი უკვე 25 წელზე მეტია, პატარების ყველაზე სასურველი სტუმარია, ეს კი მისთვის განსაკუთრებული პასუხისმგებლობაა.

მთელი წლის ნანატრი წუთებიც დადგა. ხურჯინიდან სანტა ტკბილეულსა და საჩუქრებს არიგებს. ბავშვები მას მადლობას ყველაზე გულწრფელად - ჩახუტებით, ღიმილით და საახალწლო ლექსებით უხდიან.

ბათუმელი სანტა მზადაა ყველა ბავშვთან მივიდეს და ის სურვილი აუსრულოს, რომელიც პატარებმა საკუთარი ხელით მისწერეს. ახალი წლის დღეებში ბათუმში ხშირად შეხვდებით ეტლს, რომელშიც თოვლის ბაბუა ზის და პატარების სურვილებით დატვირთული ხურჯინით, ოჯახებში სიხარული მიაქვს.

დღის ამბები