18 ივნისი 2026,   22:55
ვრცლად
მოლაპარაკებები სამშვიდობო გეგმაზე - უკრაინელ კოლეგასთან შეხვედრის დასრულების შემდეგ აშშ-ის პრეზიდენტმა ოთხწლიანი ომის დასრულების კონკრეტული პირობები დაასახელა

მარ-ა-ლაგოს რეზიდენციაში დიპლომატიური მოლაპარაკებები 3 საათი გაგრძელდა. უკრაინელ კოლეგასთან შეხვედრის დასრულების შემდეგ ამერიკის პრეზიდენტმა, ოთხწლიანი ომის დასრულების კონკრეტული პირობები დაასახელა. გაირკვა, რომ ვაშინგტონის "სამშვიდობო გეგმის" მიხედვით კიევმა უახლოეს მომავალში დონბასის რეგიონიდან სამხედროების გაყვანის და ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის დათმობის გადაწყვეტილებები უნდა მიიღოს.

სამშვიდობო გეგმის მიხედვით, გათვალისწინებულ დათმობებზე ოფიციალური კიევი მხოლოდ იმ შემთხვევაში წავა, თუ ქვეყანაში საკითხზე რეფერენდუმი ჩატარდება. კენჭისყრის პროცესის ორგანიზებისთვის უკრაინის პრეზიდენტი რუსეთისგან 60 დღით ცეცხლის შეწყვეტას ითხოვს.

უკრაინაში რეფერენდუმის ჩატარების მიზნით ცეცხლის შეწყვეტის იდეა მიუღებელია რუსეთისთვის. სამხედრო მოქმედებების შეჩერების პირობები კრემლში, მას შემდეგ დაასახელეს, რაც ტრამპმა უკრაინის პრეზიდენტთან შეხვედრამდე რუს კოლეგას დაურეკა.

ტრამპის სამშვიდობო გეგმით გათვალისწინებული პირობების შესახებ კომენტარი ამ დრომდე არ გაუკეთებია რუსეთის პრეზიდენტს. ვლადიმერ პუტინი სამხედროებს დღეს შეხვდა და ომის გაგრძელების - დონბასის, ზაპოროჟიეს და ხერსონის დაკავების ბრძანება გასცა.

ოფიციალური მოსკოვის განცხადებებს გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტი. ვოლოდიმირ ზელენსკი განმარტავს, რომ კრემლისთვის ცეცხლის შეწყვეტაზე უარის საფუძველი თავდაცვის ის სისტემაა, რომლითაც უკრაინამ არჩევნების უსაფრთხოება უნდა უზრუნველყოს. ომის და საგანგებო მდგომარეობა დასრულების ერთადერთ პირობად ვოლოდიმირ ზელენსკი მოკავშირეებისგან უსაფრთხოების გარანტიების მიღებას ასახელებს.

შეერთებულ შტატებთან ერთად უკრაინა უსაფრთხოების გარანტიებს ევროკავშირის და ნატოს წევრი სახელმწიფოებისგანაც ითხოვს. მარ-ა-ლაგოში ორმხრივი შეხვედრის დასრულების შემდეგ საკითხზე ევროპელ ლიდერებს ზელენსკი ტრამპთან ერთად ვიდეოკონფერენციის ფორმატში ესაუბრა. ამ პირობის განხილვისთვის მოკავშირეებთან "მსურველთა კოალიციის" მორიგი შეხვედრა დააანონსა საფრანგეთის პრეზიდენტმა.

სამშვიდობო ძალისხმევის მიუხედავად, ომის 1405 დღესაც უკრაინაში საბრძოლო მოქმედებები არ წყდება. რუსეთის ძალები უკრაინის სასაზღვრო რაიონებში მდებარე ხუთ ქალაქზე შტურმს ერთდროულად ახორციელებენ.

დღის ამბები