11 აგვისტო 2026,   10:59
ვრცლად
4 საქმე, 4 დაკავებული და პასუხისგებაში მიცემული 11 ადამიანი - ბრძოლა კორუფციის წინააღმდეგ გრძელდება

სისხლის სამართლის 4 საქმეზე სუს-მა 4 ადამიანი დააკავა, 11 პირი კი პასუხისგებაში მისცა. პირველი ეპიზოდი დიდი ოდენობით თაღლითობის, თაღლითობაში დახმარებისა და ყალბი დოკუმენტის დამზადება-გამოყენების ფაქტს ეხება. ანტიკორუფციული სააგენტოს დირექტორის განცხადებით, პასუხისგებაში მიეცა შპს "ქროსფოინთის" სახელით სამუშაოების შემსრულებელი ორი პირი, კომპანიის დირექტორი და კონტროლზე პასუხისმგებელი ორი ადამიანი. გამოძიებით ირკვევა, რომ ბრალდებულები მარნეული-ლომთაგორა-ალგეთის გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების დროს რეგიონული განვითარების სამინისტროს კუთვნილ 2 მილიონზე მეტ ლარს დაეუფლნენ.

კიდევ ერთი სისხლის სამართლის საქმე კასპის მუნიციპალიტეტში ქრთამის აღებისა და ამ პროცესში დახმარების ფაქტს უკავშირდება. ამ შემთხვევაში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა სურსათის ეროვნული სააგენტოს თანამშრომელი და ერთი მოქალაქე დააკავა. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულები ხორცის რეალიზაციისთვის საჭირო ყალბ მოწმობებს ამზადებდნენ.

ერთ-ერთ მთავარ მტკიცებულებად საქმეში დევს ფარული აუდიო-ვიდეო მასალა, სადაც ჩანს, როგორ ამზადებენ ბრალდებულები ყალბ დოკუმენტებს.

მესამე საქმეზე, რომელიც ყალბი ვალუტის დამზადება, შეძენა-შენახვისა და გასაღების ფაქტს ეხება, სუს-მა ერთი პირი თბილისში დააკავა. საქმის მასალებში ერთ-ერთ მთავარი მტკიცებულებად, ამ შემთხვევაშიც, ფარული აუდიო-ვიდეო ჩანაწერი დევს.

მეოთხე საქმე, რომელიც სუს-ის ანტიკორუფციულმა სააგენტომ გახსნა, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში ჩატარებულ საგამოძიებო მოქმედებებსა და დიდი ოდენობით თაღლითობის ფაქტს უკავშირდება. დაკავებულია შპს "ნიუ პასაჟის" დირექტორი, ასევე პასუხისგებაში მიეცა საზედამხედველო კომპანია "თი აი ჯი ეი აუდიტ-ესკორტის" ორი თანამშრომელი.

"კურიერი" დღეს შპს "თი აი ჯი ეი აუდიტ-ესკორტის" ოფისში იმყოფებოდა. კომპანიის თანამშრომლები ამბობენ, რომ ფაქტზე ინფორმაცია არ აქვთ.

კომპანიისგან განსხვავებით, ჩხოროწყუში ჩატარებულ სამუშაოებზე ღიად საუბრობენ ადგილობრივები. სოფელ ახუთში ამბობენ, რომ უკვე კარგად იციან, თუ რატომ შესრულდა ინფრასტრუქტურული პროექტი უხარისხოდ.

დღეს ჩატარებულ ბრიფინგზე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა მოქალაქეებს სიფრთხილისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა. ანტიკორუფციული სააგენტოს დირექტორმა თქვა, რომ სუს-ი კორუფციული დანაშაულის გამოვლენის მიმართულებით მუშაობას განაგრძობს.

სახელმწიფო უსაფრთოების სამსახურის მიერ სისხლის სამართლის 4 საქმეზე დაკავებულები ახლა ბრალის წარდგენის მოლოდინში არიან.

დღის ამბები