ბრიტანეთში არსებული კრიზისი, "დიფ სთეითის" გავლენები, ელიტური მმართველობა, ბიუროკრატების ინტერესები, სიტყვის თავისუფლების ჩახშობა და BBC-ის "ფეიკ ნიუსები" - ამ საკითხებს ეხება ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრის პოდკასტის მეოთხე ეპიზოდი. ლიზ ტრასმა კიდევ ერთხელ ისაუბრა სახელმწიფო სისტემის პრობლემებზე.
მისი განცხადებით, ბიზნესი იძირება, მსხვილი კომპანიები ქვეყნიდან გადიან, იზრდება კრიმინალი და ბრიტანეთი უფსკრულისკენ მიექანება. ლიზ ტრასი ახსენებს "დიფ სთეითის" გავლენებსაც და კიდევ ერთხელ ამბობს, რომ "დიფ სთეითმა" მისი განადგურება მოინდომა, როდესაც ის ქვეყნის გადარჩენას ცდილობდა, ამიტომ ამ ძალებთან დაპირისპირება და მთავარი ღირებულებებისა და კულტურის დაბრუნება პრიორიტეტია.
"თქვენ ალბათ "Fake News BBC-ს" უნდა უყურებდეთ, ან ილონ მასკის მარსის მისიაში მონაწილეობდეთ, რომ ვერ ამჩნევდეთ, რომ ბრიტანეთი უფსკრულისკენ მიექანება. ჩვენი სახელმწიფო სისტემა გატეხილია, მცირე ბიზნესი კვდება, მსხვილი კომპანიები ქვეყანას ტოვებენ, ადამიანები კი იძულებულნი არიან საკუთარი ხელით ამოიღონ კბილები, რადგან სახელმწიფო სამედიცინო მომსახურებას ვერ იღებენ. ჩვენ ვცხოვრობთ კრიმინალით სავსე, სოციალისტურ დისტოპიაში.
დღეს რომ სერიალ "დიახ, ბატონო მინისტრო"-ს იღებდნენ, ჰამფრი ეპლბი აუცილებლად "რადიკალიზებული ტრანს-აქტივისტი" იქნებოდა, თუმცა, ბრიტანელი ხალხი ამას ვერ აცნობიერებს, რადგან მედია უარს ამბობს მათთვის სიმართლის თქმაზე. ეს გადაცემა სწორედ იმისთვისაა, რომ მოგაწოდოთ ინფორმაცია მათგან, ვინც ბრიტანეთის დაცემას აკვირდება.
აქ ვარ იმისთვის, რომ დავუპირისპირდე "დიფ სთეითს", რომელმაც ჩემი განადგურება მოინდომა, როდესაც ქვეყნის გადარჩენას ვცდილობდი. ჩვენ გვჭირდება ტრამპის სტილის რევოლუცია, რათა დავიბრუნოთ ჩვენი კულტურა, ღირებულებები და თავისუფლება," - განაცხადა ლიზ ტრასმა.