4 ოქტომბრის საქმეზე, რამდენიმე თვის წინ მოწმის სტატუსით დაკითხული ბაჩო ახალაია, დღეს განსასჯელის სკამზე აღმოჩნდა. თავდაცვის ყოფილ მინისტრს ბრალის ოფიციალური დადგენილება დაკავებიდან 24 საათში სუს-ის შენობაში გააცნეს. ბაჩო ახალია წარდგენილ ბრალს არ აღიარებს და ამტკიცებს, რომ მას 4 ოქტომბრის ძალადობრივ აქციასთან არანაირი კავშირი არ აქვს.
ბაჩო ახალაიას რომ აქციის ორგანიზატორებთან 4 ოქტომბრამდე რამდენიმე დღით ადრე, პირადი კომუნიკაცია ჰქონდა, ამას "კურიერის" მიერ ჯერ კიდევ ოქტომბრამდე ექსკლუზიურად მოპოვებული კადრებიც ადასტურებს, სადაც ჩანს, როგორ აცილებს მურთაზ ზოდელავა მისი და ბაჩო ახალაიას საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოდან პაატა ბურჭულაძეს. ამ შეხვედრიდან რამდენიმე დღის შემდეგ კი, სწორედ მურთაზ ზოდელავას მოწოდების შემდეგ, აქციის მონაწილეებმა პრეზიდენტის რეზიდენციის შტურმით აღება სცადეს.
ამ მოვლენებიდან სამი თვის შემდეგ ანი ნადარეიშვილი ამტკიცებს, რომ აქცია ძალადობრივი არ ყოფილა - ასეთია დაცვის სტრატეგია. თავად ბაჩო ახალაიამ გამოძიებას ჩვენება არ მისცა, მათ შორის, არც იმ კითხვას უპასუხა - მხოლოდ ის კონტაქტობდა ორგანიზატორებთან თუ ამაში მისი მეუღლეც იყო ჩართული. ვიდრე ახალაია დუმს, ანი ნადარეიშვილმა დღეს მედიასთან დაადასტურა, რომ მათ აქციის ორგანიზატორებთან როგორც სატელეფონო, ასევე, პირადი კომუნიკაციაც ჰქონდათ, თუმცა ეს ნათესაური კავშირით ახსნა. ნადარეიშვილმა დაადასტურა ისიც, რომ მისი მეუღლე დაკავებამდე 3 კვირით ადრე ქვეყნის დატოვებას აპირებდა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა საგამოძიებო მოქმედების შედეგად, ქრონოლოგიური სიზუსტით, წუთებით და წამებით გაშიფრა და დაადგინა, რომ ბაჩო ახალაია 4 ოქტომბერს ინტერნეტ-აპლიკაციით მუდმივ კომუნიკაციაში იყო აქციის ორგანიზატორებთან. კავშირი ყოფილ ძალოვანსა და მურთაზ ზოდელავას შორის 157-ჯერ, პაატა ბურჭულაძესთან 110-ჯერ, პაატა მანჯგალაძესთან 29-ჯერ, ლაშა ბერიძესთან კი 26-ჯერ შედგა. სუს-ის ინფორმაციით, ახალაია ორგანიზატორებთან კომუნიკაციისთვის მისი მეუღლის ანა ნადარეიშვილის სახელზე რეგისტრირებულ აიპი მისამართს და ოჯახის ახლობლის ზვიად გაგუას ტელეფონს იყენებდა. 4 ოქტომბერს მსვლელობის დაწყებამდე, ძალადობრივი მოწოდების გაკეთებამდე და გაკეთების შემდეგ, საპრეზიდენტო რეზიდენციის ეზოში შეჭრამდე და მის შემდეგ - ორგანიზატორებთან ათობით ინტერნეტსესია და დროის ყველა მონაკვეთი სუს-მა დეტალურად გამოიკვლია და დაადგინა, რომ ძალადობრივი აქციის მთავარი ორგანიზატორი თავდაცვის ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალაია იყო.
სუს-ის მიერ ჩატარებული არაერთი საგამოძიებო მოქმედებისა და საქმეში არსებული უტყუარი მტკიცებულებების მიუხედავად, "ნაციონალური მოძრაობაში" მაინც ამბობენ, რომ სუს-ი მხოლოდ ვერსიაზე საუბრობს.
კითხვას, რით ადასტურებენ, რომ ახალაია 4 ოქტომბრის ძალადობრივ პროცესებში არ მონაწილეობდა, სააკაშვილის გუნდში ვერ პასუხობენ.
ინტერნეტ-აპლიკაციით კომუნიკაციის გაშიფვრა მმართველ გუნდისთვის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ მაღალი სტანდარტით ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებებისა და უტყუარი მტკიცებულებების მოპოვების დასტურია. სწორედ საქმეში არსებული მტკიცებულებების გამო, მმართველი გუნდი არც იმას გამორიცხავს, რომ დაკავებამდე 3 კვირით ადრე ახალაია ქვეყნიდან გაქცევას ცდილობდა. უმრავლესობის ლიდერმა დღეს თავდაცვის ყოფილი მინისტრის ცოლის კამპანია და ის განცხადება გაიხსენა, სადაც ნადარეიშვილი ამტკიცებდა, რომ 4 ოქტომბრის აქცია ძალადობრივი არ იყო.
ქართული მართლმსაჯულების მიერ ერთხელ უკვე დამნაშავედ ცნობილი თავდაცვის ყოფილი მინისტრი ახლა კვლავ მსაჯულის ვერდიქტის მოლოდინშია. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ბაჩო ახალაიას 12 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
ავტორი: ნანა გოგატაძე