ახალი ხედვით, სტიმულითა და ამბიციური გეგმებით "ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარედ ვარლამ ლიპარტელიანი დელეგატებმა ერთხმად აირჩიეს. ორგანიზაციის განვითარების ახალი ფურცლიდან დაწყება და კიდევ უფრო მეტი ახალგაზრდის მოზიდვა - ლიპარტელიანმა გეგმებსა და ხედვებზე დეტალურად ისაუბრა. "ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაციის განვლილი წლები კი ყოფილმა თავმჯდომარემ, გიორგი ჩაკვეტაძემ შეაფასა.
ახალგაზრდული ორგანიზაციის ყრილობაზე პარტიის 13 წლიანი მმართველობის პერიოდი შეაჯამა "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ. ირაკლი კობახიძის თქმით, 2012 წელს ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში მოსვლის გადაწყვეტილებამ, ქვეყანას ისტორიაში პირველად 13 წლიანი უწყვეტი მშვიდობა და 4-ჯერ გაზრდილი ეკონომიკა მოუტანა. პარტიის თავმჯდომარემ ათჯერ მოგებულ არჩევნებზეც გააკეთა აქცენტი და თქვა, რომ ამაში თავისი წვლილი ახალგაზრდულმა ორგანიზაციამაც შეიტანა. მხარდაჭერას დაპირდა ახალგაზრდებს პარტიის გენერალური მდივანიც.
"ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაციის ყრილობას საპატიო სტუმრის რანგში ესწრებოდა ცოტნე ივანიშვილი. მან მედიასთან აღნიშნა, რომ ახალგაზრდებს შორის მეტი დიალოგი მნიშვნელოვანია, რადგან ჯანსაღ დისკუსიაში იბადება სიმართლეც და ერთობაც.
"ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარედ ვარლამ ლიპარტელიანის არჩევას პარტიის ოფისიდან გამოეხმაურა და 26 დეკემბერი ახალგაზრდებისთვის გარდამტეხ დღედ შეაფასა უმრავლესობის ლიდერმა.
"ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარის პოზიციაზე ვარლამ ლიპარტელიანმა გიორგი ჩაკვეტაძე შეცვალა, რომელიც ორგანიზაციას 2016 წლიდან ხელმძღვანელობდა. ყრილობაზე დელეგატებმა ასევე დაამტკიცეს ახალგაზრდული ორგანიზაციის გამგეობის 5 წევრი.