ბაჩო ახალაია ბრალის წარდგენის მოლოდინშია. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაკავებული დღეს ადვოკატმა მოინახულა. სუს-ის ინფორმაციით, ბაჩო ახალაია 4 ოქტომბრის დანაშაულებრივი ქმედებების მთავარი ორგანიზატორი იყო.
გამოძიების ინფორმაციით, ის პროცესებს ინტერნეტ-აპლიკაციის მეშვეობით ხელმძღვანელობდა და აქტიური კომუნიკაცია ჰქონდა უკვე დაკავებულ ორგანიზატორებთან.
პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილის, ლევან მაჭავარიანის თქმით, ახალაიას საცხოვრებელი სახლიდან სამასზე მეტი ზარია განხორციელებული ზოდელავასთან, ბურჭულაძესთან და დამხობის აქციის დანარჩენ ინიციატორებთან.
"წუთებში და წამებშია აბსოლუტურად ყველა კომუნიკაცია დადგენილი. IP მისამართი არის თვითონ, უშუალოდ ბაჩო ახალაიას მეუღლის ბინა, სადაც ისინი ცხოვრობენ და სამასზე მეტი ზარია განხორციელებული ბატონ ზოდელავასთან, ბურჭულაძესთან და დამხობის აქციის დანარჩენ ინიციატორებთან. შესაბამისად, რა თქმა უნდა, აქ კითხვის ნიშნები არ არსებობს, თუმცა ჩვენ მაინც ვალდებულები ვართ, რომ ბოლომდე დაველოდოთ გამოძიების შედეგებს. შეიძლება ვივარაუდოთ, რომ იგი ელოდებოდა გამოძიების შედეგებს, იცოდა, რომ დადგებოდა ეს მოცემულობა და აქედან გამომდინარე, შესაძლოა გაქცევას აპირებდა ქვეყნიდან. როდესაც ბაჩო ახალაიაზე ვსაუბრობთ და ასეთი ტიპის ადამიანებზე, რომლებიც სჩადიოდნენ იმას, რასაც სჩადიოდნენ და რანაირი მორალის ზღვარი არ გააჩნიათ, ათასი უბედურება ჩაიდინეს, გააუბედურეს ამდენი ოჯახი, მათ საქართველოში ფიზიკურად არ დაედგომებათ და მე პირადად მიკვირს, როგორ გაჩერდნენ ამდენი ხანი საქართველოში", - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.