"ვიცით, რომ ვეხმარებით ჩვენს მოკავშირეებს და მეგობრებს და არ ვამდიდრებთ რომელიმე მესამე მხარეს" - ასე აღწერს, შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ახალი ადმინისტრაციის პოლიტიკას - ამერიკული დახმარება გადაეცეს პირდაპირ პარტნიორ ქვეყნებს შუამავლების გარეშე. მარკო რუბიოს განცხადებით, წლების განმავლობაში არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსებამ, არათუ შტატების მოკავშირეების ცხოვრება შეცვალა უკეთესობისკენ, არამედ კონკრეტული ენჯეოები გაამდიდრა.
ენჯეო სექტორისადმი ვაშინგტონის მორიგ კრიტიკულ გზავნილს, პოლიტიკური შეფასებები უკვე მოჰყვა თბილისში. ამ თემაზე მედიის შეკითხვას უპასუხა საქართველოს მთავრობის მეთაურმა. ირაკლი კობახიძის განცხადებით, მარკო რუბიოს გზავნილის შემდეგ კიდევ ერთხელ დადასტურდა ის, რასაც ოფიციალური თბილისი წლების განმავლობაში ამბობდა. ე.წ მესამე სექტორი, მხოლოდ საკუთარი ინტერესების განხორციელებაზე ზრუნავს და ადამიანური ისტორიები ნიღაბია, რომელსაც მდიდარი ენჯეოები რეალური მიზნების დასამალად იყენებენ.
USAID-ი, რომელიც ვაშინგტონს აღარ მოსწონს და ორგანიზაციის მიერ სხვადასხვა ქვეყნებში ჩადენილი ანტისახელმწიფოებრივი ქმედებების გამო უკვე დაიხურა, ჯერ კიდევ სიმპათიით სარგებლობს ქართულ ოპოზიციაში. ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ რუბიოს გზავნილი გასაგებია, თუმცა მას საქართველოსთან საერთო არ აქვს.
ოპოზიციის მსგავსად არ ფიქრობენ საპარლამენტო უმრავლესობაში, სადაც ენჯეო სექტორის მიერ გადადგმულ არაერთ ანტისახელმწიფოებრივ ქმედებას იხსენებენ. მათ შორისაა - ძალადობრივი საპროტესტო აქციები, პოლარიზაცია და ერის ორ დაპირისპირებულ ნაწილად გაყოფის მცდელობა. რადგან ამ ყველაფერს დღეს ვაშინგტონიც ხედავს, მმართველი გუნდის წევრები მიიჩნევენ, რომ ტრამპის ადმინისტრაციამ - მკაცრი, თუმცა სწორი პოლიტიკის გატარება დაიწყო.
საშობაო მიმართვა, სახელმწიფო დეპარტამენტის სოციალურ გვერდზე მას შემდეგ გავრცელდა, რაც ცნობილი გახდა რომ ვაშინგტონმა - ყოფილი ევროკომისარი და ოთხი ევროპული არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელი ამერიკული პლატფორმების ცენზურის ბრალდებით დაასანქცირა.