08 ივნისი 2026,   14:36
ვრცლად
33 შეკვრა "ალფა პე ვე პე", 22 და 24 წლის მამაკაცებს, ჯიბეებში ჰქონდათ დამალული - ნარკოდანაშაულისთვის რამდენიმე პირი დააკავეს

საპატრულო პოლიციის ეკიპაჟმა, ერთ-ერთ სკვერში 2 საეჭვო პირი შენიშნა, გადამოწმების შემდეგ გაირკვა, რომ ინდოეთის ორი მოქალაქე ნარკოტიკის დასადებად ე.წ. სამალავებს არჩევდა.

პატრულმა ორივეს ხელბორკილები დაადო. ადგილზევე ჩატარდა პირადი ჩხრეკა. 33 შეკვრა "ალფა პე ვე პე", 22 და 24 წლის მამაკაცებს, ჯიბეებში ჰქონდათ დამალული, დაფასოებული და სარეალიზაციოდ გამზადებული. "კურიერმა" გაარკვია, რომ დაკავებამდე ინდოეთის მოქალაქეებმა ე.წ. ფაქტის დადება მოასწრეს, თუმცა გაყიდვა ვეღარ შეძლეს. კლიენტის ნაცვლად სამალავის ადგილმდებარეობა პოლიციას უჩვენეს.

ე.წ. სამალავებში დასადები ნარკოტიკი ამოიღეს და ნარკოდანაშაულის ფაქტი აღკვეთეს საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა აფრიკის დასახლებაშიც. დანაშაულებრივ სქემაში ამჯერად მამა-შვილი ბარაბაძეები იყვნენ ჩართულები. ორივე ნასამართლევია. "კურიერის" ინფორმაციით, ოჯახის წევრები პატრულმა გადამოწმების მიზნით შეაჩერა. პირადი ჩხრეკისას პოლიციამ 20 შეკვრა "ალფა პე ვეპე" და "მეთადონი" ამოიღო.

საპატრულო პოლიციის მიერ ნარკოდანაშაულის აღკვეთის ფაქტებზე დღეს, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა განცხადება გააკეთა. ლევან მაისურაძემ დაკავების დეტალებზე ისაუბრა.

ნარკოდანაშაულისთვის დაკავებულები ახლა წინასწარ ორ თვიან პატიმრობაში არიან. ინდოეთის მოქალაქეების პოზიცია უცნობია, მამა-შვილი ბარაბაძეები კი დუმილის უფლებას იყენებენ.

ნარკოდანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში საქართველოს და ინდოეთის მოქალაქეებს 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრებათ. ამ დრომდე ნარკოდანაშაულის საქმეზე სამართალდამცველები დამატებით მტკიცებულებებს აგროვებენ. საქმეში უკვე დევს ნივთმტკიცების სახით, ჩხრეკისას ამოღებული ნარკოტიკი და ნარკოტიკის რეალიზაციისთვის საჭირო მასალები.

თბილისის გარდა ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ საპოლიციო ღონისძიება ქუთაისშიც ჩატარდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებულია რეალიზატორი.

პოლიციის მიერ, ფარული საგამოძიებო მოქმედებების დროს გადაღებულ მასალაში ნარკოტიკის გაყიდვა და თანხის აღება ჩანს. დანაშაულის ამსახველი ჩანაწერების მოპოვების შემდეგ, იმერეთის პოლიცია 33 წლის მამაკაცის სახლთან, მიზანდარის 10 ნომერში მობილიზდა. პირადი ჩხრეკისას განსაკუთრებით დიდი ოდენობით "მეთადონია", ხოლო სახლიდან საბრძოლო მასალა ამოღებული.

დღის ამბები