რატომ არის ამოღებული ევროკომისიის ანგარიშიდან უკრაინისა და მოლდოვის შესახებ კორუფციისა და ადამიანის უფლებების საკითხი, მაშინ, როდესაც სხვა ქვეყნების და მათ შორის საქართველოს შემთხვევაში, მიმოხილული ექვსივე თავიდან, ამ ორი კონკრეტული მიმართულებით დოკუმენტში ვრცელი ანალიზია და მოთხოვნა? - "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ ევროკომისიამ ეს ინფორმაცია მიზანმიმართულად დამალა.
პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, ლევან მახაშვილის განცხადებით, დოკუმენტი ძალიან შორს არის ობიექტურობისგან და მისი მიზანი ორმაგი სტანდარტების გამართლებაა.
"ამ დოკუმენტის მიზანი იყო პოლიტიკური მიზნებისთვის მისი გამოყენება, გამართლება საკუთარი ორმაგი სტანდარტების, სხვადასხვა ქვეყანასთან დაკავშირებით, განსაკუთრებით საქართველოსთან დაკავშირებით. ქვეყნებზე, რომლებიც კორუფციის თუ ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით არსებითი გამოწვევების წინაშე დგანან, ერთ სიტყვას არ ამბობ ამ ქვეყნებზე, მაშინ, როდესაც საქართველოს აკრიტიკებ, ხშირ შემთხვევაში სრულიად უსამართლოდ და გაუგებარი მიზნებით. დოკუმენტი ძალიან შორს არის ობიექტურობისგან," - აღნიშნა ლევან მახაშვილმა.
საკითხს, ასევე, გამოეხმაურა პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ქადაგიშვილი.
"ის საკითხები, რაც ვთქვათ უკრაინასა და მოლდოვასთან დაკავშირებით არსებობს, კერძოდ, კორუფციის საკითხები, ადამიანის უფლებების საკითხები არის კატასტროფული და ჩვენ ვიცით, რომ ეს სახელმწიფოები, ყველა რეიტინგით, არიან კორუფციის კუთხით ერთ-ერთი ყველაზე ბოლო ადგილზე მყოფები და საერთაშორისო მასშტაბის სკანდალებთან გვაქვს საქმე. მაგრამ იმის გამო,რომ მათ დღეს პოლიტიკურად აწყობთ, ეს საკითხი მთლიანად ამოიღეს. საქართველო კი, რომელიც კორუფციას ეფექტურად ებრძვის და ყველა საერთაშორისო კვლევებით არის ერთ-ერთი წარმატებული სახელმწიფო კორუფციასთან ბრძოლისა და კორუფციის ნაკლებობის კუთხით, ამას რაღაცნაირად ჩვენ წინ გვიყენებენ. ეს კიდევ ერთხელ მიანიშნებს იმაზე, თუ რამდენად შერჩევითი არის და პოლიტიკურად ანგაჟირებულია, ხშირ შემთხვევაში, ეს დამოკიდებულებები," - განაცხადა პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა.