13 აგვისტო 2026,   01:57
ვრცლად
თბილისმა კიევს სოლიდარობა ამჯერად გაეროს ტრიბუნიდან გამოუცხადა - საქართველო რეზოლუციას შეუერთდა, ამ ნაბიჯით კი ქვეყანამ ისევ დაგმო რუსული აგრესია და კიდევ ერთხელ დაადასტურა უკრაინის სუვერენიტეტი

ჰააგის შემდეგ ნიუ-იორკი - თბილისმა კიევს სოლიდარობა ამჯერად გაეროს ტრიბუნიდან გამოუცხადა. საქართველო რეზოლუციას შეუერთდა - ამ ნაბიჯით ქვეყანამ ისევ დაგმო რუსული აგრესია და კიდევ ერთხელ დაადასტურა უკრაინის სუვერენიტეტი.

საერთაშორისო საზოგადოებას შორის ერთ-ერთი, თუმცა კავკასიაში ერთადერთი. რეგიონში თბილისი მარტოა - ერევანმა რეზოლუციისთვის ხმის მიცემისგან თავი შეიკავა, ბაქო სხდომას საერთოდ არ დაესწრო. ეს მაშინ, როდესაც სომხეთი ღიად გამოთქვამს თავის ამბიციას გახდეს ევროკავშირის წევრი. სწორედ მსგავსი ქმედებების გამო, საერთაშორისო მედია უკვე წლებია ფაშინიანის პოლიტიკას ორმაგ თამაშს უწოდებს.

თუ ორმაგი თამაში მედიისთვის თვალსაჩინოა, რატომ ვერ ხედავს ამას ბრიუსელი? ან რატომ აკრიტიკებს ევრობიუროკრატია საქართველოს რუსეთისთვის ცალმხრივი სანქციების არ დაწესების გამო - მმართველ გუნდში „ორმაგი სტანდარტის“ მორიგ გამოვლინებაზე საუბრობენ. თბილისისთვის გაუგებარია, რატომ იღებს შენიშვნებს ქვეყანა, რომელიც კიევს ყველა საერთაშორისო პლატფორმაზე მხარს ღიად უჭერს.

კითხვა ამ თემაზე ხელისუფლების ოპონენტებთანაც დაისვა. ოპოზიციას მკაფიო პასუხი არ აქვს. ამბობენ მხოლოდ იმას, რომ სომხეთთან პარალელი უადგილოა, საქართველოსადმი ევროკავშირის კრიტიკა კი - სამართლიანი.

საპარლამენტო უმრავლესობა ბრიუსელის ნარატივის გაზიარებაში ამხელს კიევსაც. მმართველი გუნდისთვის მიუღებელია, მიდგომა, როცა პრინციპული საერთაშორისო მხარდაჭერის პასუხად, უკრაინის ხელისუფლება არჩევანს თბილისზე თავდასხმის პოლიტიკაზე აჩერებს.

საქართველომ გაეროში უკრაინის შესახებ რეზოლუციას მხარი გუშინ დაუჭირა. 16 დეკემბერს კი ჰააგაში უკრაინის მხარდამჭერ კონვენციას მოაწერა ხელი. საკუთარი ოკუპირებული ტერიტორიების ფონზე, თბილისის ამ სვლას მსოფლიო „გაბედულ და პრინციპულ“ ნაბიჯად აღიარებს. შეფასებებს უერთდება ოფიციალური ლონდონიც - დიდი ბრიტანეთის განცხადებით, ეს გადაწყვეტილება უკრაინაში სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობისკენ გადადგმული უმნიშვნელოვანესი ნაბიჯია.

დღის ამბები