13 აგვისტო 2026,   08:58
ვრცლად
შალვა პაპუაშვილი: 2008 წლის შემდეგ გვესმოდა, რომ აუცილებლად გახდებიან უკრაინა და საქართველო ნატო-ს წევრები, ახლა გაირკვა, რომ არც არასდროს ნდომებიათ უკრაინის გაწევრიანება ნატო-ში. ამას ორი ახსნა აქვს - ეს არის მიამიტობა ან  მავნებლობა

"ბრიტანეთის ყოფილი პრემიერის, ბორის ჯონსონის გარდა, თავად ზელენსკიმაც განაცხადა, რომ მას ბაიდენის დროსაც მკაფიოდ ეუბნებოდნენ – უკრაინა ვერ გახდება ნატო-ს წევრი", – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, სამწუხაროა, რომ უკრაინა ომის დასრულების პირას ეუბნებიან, რომ ქვეყანა ნატოს წევრი ვერ გახდება. მისი თქმით, ამას ორი ახსნა აქვს. ერთი, ეს არის მიამიტობა ან მავნებლობა.

"ნატო არ გაფართოვდება და არც არასდროს აპირებდა გაფართოებას, – სინამდვილეში, ეს ითქვა ბორის ჯონსონის პირით. უკრაინა ოთხი წელია, აწარმოებს, მათ შორის საკუთარი უფლებისთვის, რომ იყოს ნატო-ს წევრი და ამ ომის ბოლოში ეუბნებიან, რომ არც არასდროს აპირებდნენ უკრაინის ნატო-ში მიღებას. ჩვენ გვესმოდა ბუქარესტის სამიტის შემდეგ, 2008 წლის შემდეგ, წლიდან წლამდე, ყოველ წელს გვესმოდა ღია კარი, რომ აუცილებლად გახდებიან უკრაინა და საქართველო ნატო-ს წევრები. ყოველ წელს უკრაინას ეუბნებოდნენ, რომ აუცილებლად გახდება, გახდება, გახდება წევრი. ახლა გაირკვა, რომ არც არასდროს ნდომებიათ თურმე უკრაინის გაწევრიანება ნატო-ში. ამას ორი ახსნა აქვს. ერთი, ეს არის მიამიტობა, შეიძლება, რომელიმე დასავლელ პოლიტიკოსს ჰქონოდა. მეორე – ეს არის მავნებლობა, რომ შეაგულიანო ქვეყანა, შეუქმნა აღქმა, ძალიან რომ უყვართ ხოლმე ევროპიდან დაფინანსებულ "ენჯეოებს" და ევროპელებსაც, რომ აგერ უკვე ღია კარის პირას არის მიმდგარი, უკვე სარკმელზეა, შეაბიჯებს, ამით შეგულიანებული წავიდეს ყველანაირ ესკალაციაზე, როგორც ეს სააკაშვილმა გააკეთა 2008 წელს, როგორც ეს უკრაინაში ვიხილეთ არაერთხელ. საბოლოო ჯამში, საქმე საქმეზე რომ მიდგა, ომი რომ დაიწყო, არც ერთი ნატო-ელი ჯარისკაცი არ დამდგარა სანგარში. ეს არის სიმართლე, რასაც ჩვენ დღეს კიდევ ერთხელ ასე აშკარად ვხედავთ. ეს არის სწორედ სამწუხარო რეალობა. სინამდვილეში, ამაში ახალიც არაფერი არ არის. ჩვენ, ქართველებს გვშველის ჩვენი მრავალსაუკუნოვანი ისტორია, ვინაიდან სინამდვილეში არაფერი ახალი არ ხდება. ასე იყო მოწყობილი ყოველთვის სამყაროს პოლიტიკა, უბრალოდ, გარკვეული პერიოდი ძალიან კარგად ფუთავდნენ, გვაწვდიდნენ ლამაზად იმ წარმოსახვით რეალობას, რომელიც სინამდვილეში არ არსებობდა", – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

დღის ამბები