"ქართულ ოცნებაში" "იგლ ჰილსის" ინვესტიციის წინააღმდეგ ტყუილზე დაფუძნებულ კამპანიაზე საუბრობენ. "ალტ ინფო" სოციალურ ქსელებში აქტიურად ავრცელებს ყალბ ვიდეოებს. მასალაში პრემიერის სიტყვებია ამოჭრილი და დამონტაჟებულია, სავარაუდოდ, ხელოვნური ინტელექტით გენერირებულ მასალებთან ერთად, სადაც თითქოს, უძრავი ქონების აგენტები რეკლამას აკეთებენ.
მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ იაფფასიანი ტყუილები შედეგს ვერ მოიტანს, ქვეყნის არაკეთილმოსურნეების მიზანი კი, დაპირისპირების გაღვივება და საქართველოს ეროვნული ინტერესების დაზიანებაა.
"გასაგებია, რომ ეს არის ეკონომიკური დივერსია, რომელიც ორგანიზებულია გარედან. შეხედეთ აქტორებს, შეხედეთ საიდან ფინანსდებიან, შეხედეთ, ვინ არიან მათი მფარველები გარეთ და მარტივად ჩანს, რომ ის, რაც ვერ მოახერხეს პოლიტიკურად, რომ საქართველოს ხელისუფლების დამხობით დაემხოთ და დაემორჩილებინათ საქართველო, როგორც ქვეყანა, ახლა უნდათ, ეკონომიკური დივერსიით გააკეთონ. მარტივი შეცდომა დაუშვეს, იჩქარეს, შეიძლება იმისთვის, რომ ჰქონოდათ მაქსიმალური პროპაგანდისტული დაფარვა, ეს დავალება მისცეს "ნაციონალურ მოძრაობასაც" და "ალტ ინფოსაც", ერთ ნარატივზე ასაუბრებენ "ნაციონალურ მოძრაობას" და "ალტ ინფოს". ამით უკვე საზოგადოებისთვის ნათელი ხდება, რომ ის, რასაც "ნაციონალური მოძრაობა" ეწინააღმდეგება, ისტორიული გამოცდილებით დადასტურებულია, რომ ის სასარგებლოა საქართველოსთვის და პირიქით, რასაც "ნაციონალური მოძრაობა" იწონებს ხოლმე, ის არ არის საქართველოსთვის სასარგებლო, ასე რომ, ყველას შეუძლია თავისი დასკვნა გამოიტანოს," - აცხადებს შალვა პაპუაშვილი.
ავტორი: ნანა გოგატაძე