პარლამენტის ფრაქცია "საქართველოსთვის" წევრის, გიორგი შარაშიძის განცხადებით, მათი პარლამენტში შესვლით, საკანონმდებლო ორგანოში ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო პროცესები დაიწყო, რაც პარლამენტში განსხვავებულ პოზიციას აჩენს.
როგორც შარაშიძემ "ღამის კურიერის" ეთერში აღნიშნა, ამ ყველაფრის გამო, ევროპელი პარტნიორები მათ პარლამენტში შესვლას მიესალმებიან.
"ეს ერთწლიანი ბოიკოტის და პარლამენტში დაბრუნების შემდეგ, ჩვენი პირველი ვიზიტი იყო ბრიუსელში. რა თქმა უნდა, დიდი ინტერესია ევროპარლამენტარების მხრიდან თუ როგორ, რა ფორმებით და პერიპეტიების გამოყენებით ვახერხებთ ჩვენს საპარლამენტო მუშაობას. პირველ რიგში, მთავარი მიზანი იყო, ზოგადად, ინფორმაციის მიწოდება, რას ვაკეთებთ პარლამენტში, მათ შორის, ჩვენი საკანონმდებლო ინიციატივების შესახებ.
რაც შეეხება პოლიტიკურ საკითხებს, არც აქამდე და არც დღეს განსაკუთრებით, მეც ყველა შეხვედრას ვიწყებდი და ვამთავრებდი იმით, რომ ყველა დონეზე, ევროპარლამენტარებთან და არა მხოლოდ ევროკავშირის აღმასრულებელი სტრუქტურების წარმომადგენლებთან, რომ უვიზო მიმოსვლის რეჟიმი, რაც არის ქართველი ხალხის ბრძოლის მონაპოვარი, მიუხედავად ყველაფრისა არ უნდა გაუქმდეს. ყველამ, როგორც ქართულმა მხარემ, ასევე ჩვენმა ევროპელმა პარტნიორებმა, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ საქართველოს ევროპული მომავალი გადარჩეს.
ევროპარლამენტარებისთვის ძალიან რთული ასახსნელია, როგორ შეიძლება არ გამოიყენო ის მანდატი, რასაც შენი მოქალაქეები და ამომრჩევლები განიჭებენ. მაშინ სხვა მოცემულობა იყო და ჩვენი გუნდიც ამიტომ იყო იმ პოლიტიკური ბოიკოტის ნაწილი, რომელიც ჩვენ მოგვიანებით შეცდომად ვაღიარეთ და ამის შემდგომ დავბრუნდით პარლამენტში, რადგან 4 ოქტომბრის სრულიად უპასუხისმგებლო პროვოკაციამ დაგვანახა, რომ პოლიტიკური პროცესი შეიძლება სულ მალე ხელიდან გამოგვეცალოს. ამიტომ, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ გვესმის 12 მანდატით ფიზიკურად შეუძლებელია 89 მანდატის მქონე უმრავლესობის დაძლევა, მაგრამ იმდენად საინტერესო პროცესი დაიწყო, ეს ძალიან დიდი ცვლილებების და რაც მთავარია ქართველი ხალხის ხმის და განსხვავებული პოზიციის ამბავია საქართველოს პარლამენტში. შესაბამისად, ჩვენი ევროპელი პარტნიორები ამას მიესალმებიან", - განაცხადა გიორგი შარაშიძემ.